"საქართველოს რკინიგზის" 184-მილიონ ლარიანი ტენდერი სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზეა მორგებული | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამბობს, რომ "საქართველოს რკინიგზამ" ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ მორგებული ტენდერი გამოაცხადა, რადგან  მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

ტენდერი მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა, ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

"შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: „შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული “НБ ЖТ ЦТ 04-1998” ან “ТР ТС 001/2011”-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან „საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ“.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა  ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე", - წერია განცხადებაში.

რკინიგზამ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. "საერთაშორიოს გამჭვირვალობა" წერს, რომ რკინიგზისთვის  მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

"სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“  ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან (მუხლის 1) არ ათავისუფლებს.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი