მოვუწოდებთ მთავრობას, შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დამნაშავეები | ოპოზიცია გინტურის მკვლელებზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ თამაზ გინტურის მკვლელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეიყვანონ და 2018 წელს მიღებული ეს სია აამოქმედონ.

ქალმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ მოამზადეს რეზოლუცია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს.

"6 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ კირბალში მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი, რაზეც აუცილებელია საქართველოს პარლამენტის, როგორც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რეაგირების დაფიქსირება. ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია, ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო 2018 წელს, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს არც საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ჩვენ ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მიიღოს ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა იმისთვის, რომ საქართველომ გაატაროს დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  ის ოკუპანტებმა წუხელ, 9 ნოემბერს, გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი