აშშ-მ კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობის ავტორიზაცია გასცა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA-მ), გადაუდებელ შემთხვევებში, კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობის ავტორიზაცია გასცა

მკურნალობა, რომელიც აშშ-ში უკვე 70 000-ზე მეტ ინფიცირებულს ჩაუტარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ანტისხეულებით მდიდარი სისხლის პლაზმის გამოყენებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, სისხლის პლაზმით მკურნალობა კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობას 35%-ით შეამცირებს.

მე ამას დიდხანს ველოდი. მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიული განცხადების გაკეთება მიწევს ჩინური ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას. ეს ინიციატივა უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა 23 აგვისტოს.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირდა 5 მილიონ 800 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 180 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ინფიცირებათა რაოდენობით შტატებში კალიფორნია ლიდერობს 670 ათასზე მეტი შემთხვევით. ყველაზე ნაკლები, 1 557 შემთხვევა კი ვერმონტის შტატში დაფიქსირდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი