
კულტურის სამინისტრომ 12 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევილის მამულში გუშაგის სახლის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი და სახელოვნებო რეზიდენციების კეთილმოწყობა დასრულდა. უწყება ამბობს, რომ გრძელდება გალავნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.
სამინისტრო ფოტომასალასაც ავრცელებს, სადაც ჩანს მეტლახის იატაკი. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეაბილიტირებული შენობები აბსოლუტურად დაცლილია კულტურული შინაარსისგან.
სამინისტრო ამბობს, რომ ჩატარდა ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე. წ. გუშაგის სახლი) სახურავის რეაბილიტაცია, ახალი კრამიტით გადახურვა და სახურავის აღდგენა ისტორიული სახით. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ჭერში არსებული ორი ფანჯარა გაუქმებულია:

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარა ამავე კომპლექსის ფასადის რეაბილიტაცია და სასერვეროს, საწყობის, ადმინისტრატორის ოფისის სარემონტო სამუშაოები.

უწყების ცნობითვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მამულის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ რამდენიმე შენობას და მოეწყო ექვსი სტუდიის ტიპის საცხოვრებელი, რომლებიც გამოყენებული იქნება სახელოვნებო რეზიდენციებისთვის.

შენობაში კედლები მთლიანად შეთეთრებულია, დაბეულია ლამინატი:

"გარდა ამისა, ახლახან დასრულდა შატოს, ბიბლიოთეკისა და პოლკოვნიკ წერეთლის საცხოვრებელი სახლის აზბესტისგან გაწმენდა. საყურადღებოა, რომ ამ სამუშაოს დაწყებამდე ჩატარდა ლევილის მამულის შენობა-ნაგებობების დიაგნოსტიკა აზბესტის შემცველობის დასადგენად, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემოწმებას ნებისმიერი მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის დაწყებამდე", - ამბობს სამინისტრო.
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი, ისტორიკოსი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესი ექსკლუზიურად სამინისტროს მიერ კონტროლდება და თავისი წვლილის შესატანად კარი ბევრისთვის დახურული იყო.
"პროცესი იყო საკმაოდ გაუმჭვირვალე, ბევრი წარმომადგენელისთვის საერთოდ ჩაკეტილი იყო კარი ამ პროცესში თავისი წვლილის შეტანისთვის. საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ძალიან არაჯანსაღი სურათია", - ამბობს ის.
ლევილის მამულებში ჩატარებულ სამუშაოების შესახებ კულტურის სამინისტრომ ინფორმაცია და ფოტოები 21 აპრილსაც გაავრცელა. აღნიშნულს მაშინაც მოჰყვა კრიტიკა, რადგან ფოტოების მიხედვით, ე.წ. გუშაგის სახლში შიდა სარემონტო სამუშაოები ისე ჩატარდა, რომ შიდა ინტერიერში ძველი იერსახე შენარჩუნებული არაა:
