"გამოძიება დადგმულ სპექტაკლს ემსგავსება" - ბაჩალიაშვილის საქმის ახალი გარემოებები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი გარემოებები გაასაჯაროვა.

"მთავარის" ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტს გარდაცვალებამდე ოპერატიული მანქანები დაყვებოდნენ. გარდა ამისა, ბაჩალიაშვილი საბანკო ანგარიშებიდან დიდი ფულის მოსახსნელად გამოიყენეს, შემდეგ კი მოიშორეს.

დაღუპულის ოჯახისა და მათი ადვოკატის აზრით, საქმის ახალი გარემოებები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებას თავდაყირა აყენებს. 

სამი დღეა, ვიხვეწები, გამიგეთ ვისი ნომრებია-მეთქი და არ დააყენეს საშველი. ერთი თითის დაჭერა უნდოდა და ამოყრიდნენ იმ ნომრებს, მაგრამ არ აწყობდათ და უნდათ, რომ შეფუთონ ან სხვა მანქანებზე გადააკრან ის ნომრები, - ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი კი აღნიშნავს, რომ გამოძიება ხარვეზებით დაიწყო, რაც საქმეში დამატებით კითხვებს აჩენს. რამიშვილის შეფასებით, საქმის ძიება დადგმულ სპექტაკლს ემსგავსება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება  მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი