ცენტრ "ემპათიას" დირექტორი და დამოუკიდებელი ექსპერტი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზას პრაქტიკულად დასრულებული დასკვნა არ აქვს. მისი თქმით, გაუგებარია რატომ ჭიანურდება პროცესი.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ უნდა გვქონდეს დასკვნა, რომელიც გასცემს კითხვას პასუხს, ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა თუ არა ბაჩალიაშვილი და თუ ეს ასე მოხდა რა იყო ის ნივთიერება რამაც სიკვდილი გამოიწვია.
ნებისმიერი მედიკამენტი ჭარბი რაოდენობით შესაძლებელია საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. შესაბამისად, თუ რა დოზები იქნა აღმოჩენილი, რა მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი, ამაზე პასუხი ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ჯერ არ აქვს. ჩემთვის გაუგებარია რატო ჭიანურდება, ნებისმიერ შემთხვევაში პრაქტიკულად დასრულებული რაიმე სახის დასკვნა არ გვინახავს, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი გარემოებები გაასაჯაროვა. "მთავარის" ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტს გარდაცვალებამდე ოპერატიული მანქანები დაყვებოდნენ. გარდა ამისა, ბაჩალიაშვილი საბანკო ანგარიშებიდან დიდი ფულის მოსახსნელად გამოიყენეს, შემდეგ კი მოიშორეს.
დაღუპულის ოჯახისა და მათი ადვოკატის აზრით, საქმის ახალი გარემოებები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებას თავდაყირა აყენებს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.