საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხმების დაცვისთვის მემორანდუმის შემუშავებას ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საერთო არაფერი აქვთ და მხოლოდ დესტაბილიზაციის შექმნა აინტერესებთ.
33 პარტიიდან ყველა არ არის პარტია. რამოდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდ. მეწარმეა. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს ზოგნი კრემლის აგენტებს ეძახდნენ, ზოგნი კიდევ დასავლეთის მონებს. ეს არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას ჰპირდება დესტაბილიზაციასა და დესტრუქციას, - ამბობს ვოლსკი.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას ხელს ყველა ოპოზიციური პარტია არ აწერს. მაგალითად, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წარმომადგენლებმა ხელმოწერაზე უარი თქვეს, რადგან მათი განმარტებით, ამომრჩეველთა ხმების დაცვას ხელმოწერილი შეთანხმება არ სჭირდება.
დეკლარაციას არ შეუერთდა ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეებიც", თუმცა ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზს არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ დეკლარაციაზე 18 აგვისტოს შეთანხმდნენ, 24 აგვისტოს კი ერთობლივად შემუშავებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანია კოორდინირებული მუშაობა და არჩევნების გზით მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.