"აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ... ადამიანები ვერ ახერხებენ სასაფლაოებზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში..." | ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ... ადამიანები ვერ ახერხებენ სასაფლაოებზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში... ეს პრობლემაა", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. სწორედ ფოტიგაა თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის ინიციატორი, რომელიც ევროპარლამენტმა ხვალ უნდა განიხილოს.

"ეს ყველაფერი დაემთხვა მინი სესიას. მოხდა საშინელი მკველელობა და მე მაშინვე მივმართე ევროპარლამენტს, რომ როგორც გადაუდებელი და სასწრაფო საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში, მართლაც აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ და თანაც იმ დროს, როდესაც ევროკავშირი განიხილავდა კანდიდატის სტატუსის თემას", - თქვა ფოტიგამ.

კითხვას, იყო თუ არა ეს შეგნებული პროვოკაცია, ფოტიგა ასე პასუხობს:

"ზუსტი მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ეს იყო ძალიან  სახიფათო ქმედება. დიახ, შეიძლება ეს პროვოკაცია ყოფილიყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შესაძლოა ისინი ცდილობდნენ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში ინტეგრაცია სურს. და ეს ქმედებები მათ აზრს ვერ შეცვლევნებს, მაგრამ ძალიან რთულია როდესაც ყოველდღიურობაში ასეთი საშიში მოვლენები ხდება. ადამიანები საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ტერიტორიაზე ვერ ახერხებენ სასაფლაობზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში სალოცავად, ესა პრობლემა და სწორედ ამიტომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა ერთხმად დათანხმდა ამ რეზოლუციის დღის წესრიგში შეტანას", - ამბობს ფოტიგა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები რეზოლუციაში კონკრეტული სახელი და გვარების შეტანასაც ეცდებიან: "დღეს გვექნება მოლაპარაკებები პოლიტიკურ ჯგუფებთან და საბოლოო ტექსტზე შევთანხმდებით. ვეცდებით დავამატოთ".

ფოტიგა ამბობს იმასაც, რომ ევროპარლამენტში 2008 წლის ომი და რუსეთის ქმედებები ძალიან კარგად ახსოვთ.

"ჩვენ ევროპარლამენტში ვიზიარებთ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და დამოკდებულებას რუსეთის მიმართ და ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი, მაშინდელი მთავარი გამოწვევები და მოლაპარაკებები, ყოველდღიური გადამოწმება რა ხდებოდა თქვენთან, ომის შემდგომი პერიოდი - როგორ არღვევდა რუსეთი შეთანხმებულ პირობებს. ახლა სიტუაცია სრულიად ნათელია", - თქვა ევროპარლამენტარმა.

ანნა ფოტიგას განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან დაკავშირებით ინტერესი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს, რადგან, მისი თქმით, ეს უსაფრთხოებას ეხება.

ჩვენ ევროპარალამენტში დეპუტატები ჩვენს საქმეს ვასრულებთ და არ ვიცი საქართველოს მთავრობის ინტერესის შესახებ. თუმცა ეს ინტერესი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან ეს ყველა ქართველისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა - საქმე ხომ უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ქმედებები არის დამოუკიდებელი.  და ამ შემთხვევაში არ ვხელმძღვანელობ რომელიმე პოლტიკური ძალის შეხედულებების მიხედვით...

საჯაროობა, მართალია, რუსეთს მგრძნობელობა აქვს დაკარგული საერთაშორისო საზოგადოების დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ მას მაინც აწუხებს და ადარდებს დოკუმენეტები, რომელიც აღწერს რუსეთის უკანონო ქმედებებს. რუსეთი სენსიტიურია საერთაშორისო ოგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციების მიმართ, მათ შორის ისეთისაც, როგორიც ევროპარლამენტია, - განაცხადა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გინტურის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 2008 წლის ომის მონაწილე, მაიორი გინტური ნიკოლაი იშჩენკომ მოკლა, რომელიც ცხინვალში დისლოცირებული რუსი სამხედროა. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დუმს. 

კირბალში მოსახლეობა თავს კვლავ დაუცველად გრძნობს. 23 ნოემბერს, ისინი გიორგობის აღსანიშნავად წმ. გიორგის სალოცავში აპირებენ ასვლას, რომელიც ასევე საოკუპაციო ზოლს ემიჯნება. მოსახლეობა ამბობს, რომ რისკის მიუხედავად წინაპრების სალოცავზე უარს არ იტყვიან. ისინი გარანტიებს ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი