ხევსურეთში მომხდარი ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანია Traveler.ge-ს მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა.
ავარიაში დაღუპულის და "მთავართან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არაერთხელ წასულან Traveler.ge-ს მიერ ორგანიზებულ ტურებზე და ხშირ შემთხვევაში, უკმაყოფილოები იყვნენ.
ვიყავით ხევში და ძალიან ცუდად დაყავდა მძღოლს... თუ მძღოლის ბრალი არ იყო, მაშინ ტრანსპორტის ბრალი იქნებოდა, საშინლად გაუმართავი და იაფფასიანი "მარშრუტკები" ჰყავთ. თუ ვინმე საჩივარს დაწერს, ჩვენც მივირებთ მონაწილეობას. მეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სანამ წავიდოდი, ჩემმა ძმამ მითხრა, რომ აღარ არის ადგილებიო, - ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის და მარიამ ყაჭიაური.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გამოაქვეყნა თავად ტურისტულმა კომპანიამაც. წერენ, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობენ და ტრაგედიის მიზეზის დასადგენად უწყებას ყველა დეტალს მიაწვდიან.