სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ანალიტიკურმა პორტალმა "დოსიე ცენტრმა" გამოაქვეყნა, პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირს ადასტურებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საქართველოს პროკურატურამ და აუდიტის სამსახურმა საქმის გამოძიება დაიწყონ.
სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულია. ნორმალური პირობებში, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფომ, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ეს პარტია არის "ქართული ოცნების" სატელიტი. მეორე კონტექსტი არის ასევე ძალიან საშიში. ეს არის რუსეთის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევის კონკეტული ინსტრუმენტი. გამოვრიცხავ, რომ პროკურატურა რეაგირებას მოახდენს, პირდაპირ გეტყვით, თუმცა ესეც იქნება ერთგვარი პასუხი, რომ დიახ, "ქართული ოცნება" ხელს აფარებს "პატრიოტებს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" მოკავშირე პარტიის საარჩევნო სიიდან მოხსნას არ განიხილავს და ორივე პოლიტიკური გაერთიანება პრორუსული ძალაა.
ამ პარტიის მოხსნას საარჩევნო პროცესიდან ქართული ოცნება" დღეს არ განიხილავს, რადგან მისი მოკავშირეა "პატრიოტთა ალიანსი". ისინი წარმოადგენენ პრორუსული პოლიტიკური ძალების სხვადასხვა განშტოებებს ჩვენს ქვეყანაში, - განმარტავს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "დოსიე ცენტრს" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთიდან ფინანსდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "პატრიოტთა ალიანსზე" თავდასხმა ოპონენტი პოლიტიკოსების დაკვეთაა.