
ბელარუსი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი კორონავირუსის ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა დღევანდელ სატელეფონო საუბარში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ცდებზე ისაუბრეს. ვაქცინა ამჟამად კლინიკური ტესტირებების მესამე ეტაპს გადის.
ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმებით, რუსეთის შემდეგ, ბელარუსი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთში წარმოებულ ვაქცინას მიიღებს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, ორივე ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა. რუსეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
რაც შეეხება ბელარუსს, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 70 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 24 მილიონს უახლოვდება, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.