შატილში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულების ოჯახის წევრები მომხდარის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანია Traveler.ge-ს აკისრებენ და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან.
"მთავართან" საუბრისას ისინი კომპანიის მხრიდან ცუდ მომსახურებასაც იხსენებენ და ამბობენ, რომ კომპანიამ ისინიც და სხვა ადამიანებიც არაერთხელ მოატყუა: "ამ კომპანიასთან მე თვითონ მქონდა შემთხვევა, ორი წლის წინ სასტუმროს ნაცვლად ესპანეთში წაგვიყვანეს ჰოსტელში".
არ არის გამორიცხული,გჰარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ერთობლივი საჩივარიც დაწერონ და ერთობლივი ძალებით ეცადონ გაარკვიონ რა მოხდა შატილში ტრაგედიის ღამით.
მანამდე კი, ტურისტული კომპანია Traveler.ge-ს დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა.
გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.. აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ნუცის და ხატიას. 17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა. ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც, - წერს შალვა ბოლოთაშვილი.
შატილში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი განცხადებაგამოაქვეყნა თავად ტურისტულმა კომპანიამაც. წერენ, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობენ და ტრაგედიის მიზეზის დასადგენად უწყებას ყველა დეტალს მიაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.