სუს-ის უფროსი "მთავარის" კამერებს გაურბის - ცოტა ხნის წინ, გრიგოლ ლილუაშვილს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გაჟღერებული ავტომობილების ნომრების შესახებ ჰკითხა, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება სამ მანქანას, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-ს ეკუთვნის.
პარალელურად, ამ წუთებში, პროკურატურაში მივიდნენ 23 წლის პროგრამისტის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი იმისთვის, რომ გაეცნონ საქმის ახალ მასალებს. პროკურატურაში დღეს ბაჩალიაშვილის უახლოესი მეგობარი, დეა კაპანაძე უნდა გამოიკითხოს. დაღუპულის დედა ეჭვობს, რომ დეა კაპანაძე ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რასაც ამ დრომდე არ ამბობს და მალავს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.