მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილს ორი არჩევანი ჰქონდა: "ან ეთქვა სისულელეები, ან არაფერი". მან მეორე აირჩია - არ თქვა არაფერი საქმის იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, რურუას უდანაშაულობას ადასტურებს. 74-გვერდიან სამოტივაციო დასკვნაში არაფერი წერია დაქტილისკოპიური ექსპერტიზის შესახებ. მოსამართლისთვის, როგორც ჩანს, უმნიშვნელო აღმოჩნდა, რომ იარაღზე, რომლის უკანონოდ შეძენასა და ტარებას ედავებოდნენ გიორგი რურუას, მისი ანაბეჭდები არ იყო.
დოკუმენტში, რომელშიც განმარტებულია, რატომ გამოიტანა მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი, არსად იძებნება მოწმეების ჩვენებების ის ნაწილები, სადაც პოლიციელებმა ერთი და იგივე ეპიზოდი განსხვავებულად მოყვნენ. მოსამართლე არასწორად გადმოსცემს მოწმეთა ჩვენებებს და მხოლოდ იმ ნაწილებზე მსჯელობს, რომელიც რურუას გამტყუნებისთვის აუცილებელია.
უფრო მეტიც, ვალერიან ბუგიანიშვილმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სასამართლოს მეგობრის სტატუსით გაგზავნილ დასკვნაზე ემსჯელა. მოსამართლემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პოზიცია მიკერძოებულად შეაფასა და კვალიფიციური იურისტების არგუმენტაცია არ გაიზიარა. მესამე სექტორისთვის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ბუგიანიშვილის ეს გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას ადვოკატები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ქართული მართმსაჯულების იმედი არ აქვთ, თუმცა საქმის სტრასბურგში წასაღებად ემზადებიან და ამიტომ საქართველოში ყველა ინსტანცია უნდა გაიარონ.
განჩინების ტექსტმა კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა რურუას მეგობრები და თანამებრძოლები, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და გისოსებს მიღმა მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ კრიტიკული მედიის, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერია.
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში საქალაქო სასამართლომ 30 ივლიის გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვალერიან ბუგიანიშვილის გაადაწყვეტლებას სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები პარასკევს, 28 აგვისტოს გაასაჩივრებენ.