რუსეთის მოკავშირე, უნგრეთის პრემიერი ევროპასთან ვაჭრობას განაგრძობს და პირდაპირ თუ ირიბად ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერს. თუ პუტინის თანამოაზრე ამ პოზიციაზე დარჩება, საფრთხე შეექმნება როგორც უკრაინის, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციასაც.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვიქტორ ორბანი წერილს უგზავნის. ის შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად. წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე. ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა არა მხოლოდ უკრაინის საკითხს, არამედ გაფართოების მთელ პაკეტს უქმნის საფრთხეს. რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ამ მხრივ დიდი ალბათობით საქართველოსაც შეექმნება.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. [ რადიო თავისუფლება]