მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? | თურნავა შეკითხვას არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

კომიტეტზე ფრაქცია "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, მოახერხა თუ არა აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა და იქონია თუ არა თურნავას გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა ქართულ საბანკო სისტემაზე.

"მოასწრო თუ არა ფარცხალაძემ საქართველოდან ფულის გატანა? ეხლა არ თქვათ, რომ ფარცხალაძეს, რომელმაც 13 უძრავი ქონება გადაუფორმა თავის ოჯახის წევრებს და ერთ დღეში ყველაფერი მოასწრო საჯარო რეესტრში და ამდენი ბიზნესები ჰქონდა, მას საქართველოში ფული არ ჰქონდა," - იკითხა გოცირიძემ.

თურნავამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და საკითხი  "საბანკო კონფიდენციალობით" ახსნა. ის მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა.

"ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, მათთან დაკავშირებით. ასევე, ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას. არსებობს ასე ვთქვათ, საბანკო კონფიდენციალობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა," - ამბობს თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ რუსეთის ჯაშუშობაში ამხილა და 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. 

თურნავამ ეს გადაწყვეტილება მაშინ ერთპიროვნულად მიიღო, რასაც ეროვნული ბანკის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა დატოვა.

ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა სალომე ზურაბიშვილმა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.

იქამდე კი ყოფილმა გენპროკურორმა მის სახელზე არსებული ქონების შვილისთვის ერთ დღეში გადაფორმება მოასწრო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი