გასულ კვირას საზოგადოებამ მორიგი შოკი მიიღო პიზას კვლევებით და იმის გაგებით რომ 15 წლის მოზარდების 2/3-ს წაკითხული ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოაქვს. მაგრამ არაფერი ამ კატასტროფულ მაჩვენებელში მოულოდნელი არ არის. არავისთვისაა სიახლე, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ცუდია მსოფლიოში. ან რას უნდა ველოდეთ სისტემისგან, სადაც პედაგოგების დიდი ნაწილი მასწავლებლის გამოცდას ვერ აბარებს და კომპეტენციის ზღვარს ვერ ლახავს. ან რას უნდა ველოდეთ სისტემისგან, რომლის ერთადერთი ფუნქცია 2000-ზე მეტი საჯარო სკოლები პედაგოგების და ვისზეც გავლენა შეუძლიათ იმ მშობლების დარაზმვაა საარჩევნოდ, სახელისუფლებო პარტიის შემოსახაზად. ან რას უნდა ველოდეთ სისტემისგან, სადაც არსებობს კვალიფიციური და პროფესიონალი დირექტორის - ია კერზაიას სიკვდილამდე მიყვანის ისტორია, სწორედ საარჩევნო ზეწოლის გამო.
დირექტორების შესარჩევად ჩატარებული კონკურსი და სრულიად პოლიტიზირებული პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს ამოცანა არა ეფექტური სისტემის შექმნა და მომავალი თაობების განათლების ხარისხის ამაღლებაა, არამედ პოლიტიკური მარწუხების შემოჭერა და ტოტალური კონტროლი. პედაგოგები, რომლებმაც ტესტირების და კვალიფიკაციის ეტაპი უპრობლემოდ გადალახეს, გასაუბრებაზე სწორედ პოლიტიკურ პოლიციად გადაქცეული სუს-ის გავლენით დაიბლოკნენ. კიდევ ერთხელ, პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე მაღლა -ხელისუფლებამ მისდამი პოლიტიკური მორჩილება დააყენა და ყველა კანდიდატს მთავარ პირობად სწორედ ეს წაუყენა.