მე ვბრუნდები! - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე სამშობლოში დაბრუნებას აანონსებს. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. ამავე დროს მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ ზუსტად ვხვდები და ვიცი რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები! - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი