"მიმდინარეობს გამოძიება" - ქართული ოცნება 2012-2020 წწ

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, იმ გამოუძიებელი საქმეების ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც, დღემდე, საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს - დიდია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა, რიგი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით საჯარო მზაობა არაერთხელ გამოთქვა, ისინი დღემდე გამოუძიებელია.

თემატურად მივყვეთ იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელზეც შედეგი - არ დამდგარა ან გამოძიების ვერსია კითხვებს აჩენს:

ბარბარე რაფალიანცის საქმე

შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2012 წლის 30 სექტემბერს მოხდა - 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ, ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, მომხდარს პირველ ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებდა. დეიდა ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. შეგახსენებთ, დალი მექერიშვილი, იმ დროს, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დანაშაულის გასახსნელად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებდა - ბავშვის დაღუპვიდან შვიდი თვის შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციას ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად შესწავლილიც კი არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახმა წყლით სავსე ქვევრი სწორედ შვიდი თვის შემდეგ დაცალა. 

2012 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, ამ საქმის ირგვლივ, არაერთი განცხადება გაკეთდა, საგამოძიებო უწყებას, გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა პროკურატურას საქმე რვა წლის შემდეგაც, ანუ ამ დრომდე, არ გამოუძიებია. 

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დღემდე დაუდგენელია.

ზურაბ ჟვანიას საქმე 

2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს "ქართული ოცნება" პერიოდულად "აცოცხლებს", და ეს, ძირითადად, წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე.

მმართველი გუნდის მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ჟვანიას სიკვდილის ოფიციალური ვერსია - ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დამდგარი სიკვდილი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვალდაკვალ, გამოძიება ჩაატარა FBI-მაც, რომლის დასკვნასაც, ჟვანიას ოჯახის მოთხოვნით, წლების განმავლობაში, გრიფი საიდუმლო ედო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე დასკვნის მიხედვით, ჟვანია და უსუპოვი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ, რაც გაუმართავმა გამათბობელმა გამოიწვია. ამის მიუხედავად, საქმეზე სპეკულაციები არ შეწყვეტილა.

2013 წლის ოქტომბერში, მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამ საქმის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. 

უცნაურია, რომ 2014 წლის 19 მარტს Youtube-ზე ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის ცხედრების ფოტოები, "ჰაკიმ ფაშას" სახელით აიტვირთა, სათაურით - Saakashvili killed Mr. Zurab Zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია). აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშით 19 მარტამდე არასდროს არაფერი ატვირთულა. ეს ვიდეომასალა სასამართლოზე, მოსამართლე ნინო სანდოძემ მტკიცებულებად ცნო. 2014 წელსვე, პროკურატურამ თქვა, რომ ვიდეომასალა თურქეთიდან აიტვირთა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ხელახალი გამოძიება 2014 წელს დაიწყო.

უკვე 2015 წლის თებერვალში, მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა კი განაცხადა: "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე გაიხსნება, ზუსტად დადგინდება რაც მოხდა"..

გამოძიების ოფიციალურ ვერსიას რომ არ ენდობა, ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა თავად ზურაბ ჟვანიას ძმამ. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივით მოკლეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიას, საბურთალოს 53-ში, ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, რაულ უსუპოვთან ერთად იპოვეს. 

ე.წ. "საბურავების" საქმე

2014 წელს, იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა - თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "ევრომაიდანის სცენარს" ამუშავებდა და რომ ამ მიზნით პარტიამ საბურავების შეძენა-მომარაგებაც დაიწყო. ჭიკაიძისვე ცნობით, მაშინ ქვეყანაში აურზაურის გამოსაწვევად "ზონდერჯგუფების" ჩამოყალიბებაც იგეგმებოდა:

"სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფი. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ" - ამბობდა 2014-ში ჭიკაიძე.  

ამის შემდგომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.
მაგრამ მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომვე განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, იურიდიული პირის, ამ შემთხვევაში კი პოლიტიკური პარტიის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება.

შეგახსენებთ, ე.წ. "საბურავების საქმის" მსვლელობის დეტალები საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის; რა ეტაპზეა დღეისათვის გამოძიება, ან საერთოდ გრძელდება თუ არა. უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის ამ განცხადებიდან უკვე 6 წელია გასული.

თავის მხრივ, ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრის თანამდებობას 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა. მან საბურავების საქმის გამოძიებით ვერ, მაგრამ თავი შემდეგი გამონათქვამებით დაგვამახსოვრა: 

  • "ამის [ნარკოტიკის] გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით კიდევ ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების დაფინანსება";
  • "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში";
  • "პოლიციელის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაწყებულია და წინასწარ კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა უპრიანი იქნება".

ფარული მოსმენების საქმე

კიდევ ერთი გამოუძიებელი საქმე, რომლის გამოძიებაც წესით "ქართული ოცნების" პირობებში უნდა გაგრძელებულიყო, ფარული მოსმენებია. სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა ძირითადი პრეტენზიები წინა ხელისუფლებასთან ამჟამინდელ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას ნაწილს. თუმცა, ჩანაწერების გამოქვეყნება, არც 2012 წლის შემდეგ შეწყვეტილა. 

2012 წლის 20 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ვანო მერაბიშვილი და ნიკა გვარამია საუბრობდნენ. უწყებამ ასევე, ორი დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრის ჩაწერის შუამდგომლობა პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლომ მისცა. უკვე 21 დეკემბერს პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის 4 მუხლით წაუყენა.

2013 წელს ცნობილი გახდა უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელთა უმეტესი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ამავე წლის 15 აგვისტოს მთავრობის 206-ე დადგენილებით შეიქმნა უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია. 

კომისიის ანგარიშის მიხედვით, ფარული ჩანაწერების ფაილების სრული რაოდენობა 28 687 იყო. პირადი, მათ შორის, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, კომისიის გადაწყვეტილებით განადგურდა, უკანონო ჩანაწერების ნაწილი კი გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის 31 იანვარს განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები განადგურებული იყო. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ამავე წლის 10 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სხვადასხვა მაღალჩინოსნისა თუ ყოფილი თანამდებობის პირების სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები გაავრცელა. გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის თქმით, მაყურებელს საუბრის მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ იმის მტკიცებულებას წარმოადგენდა, რომ ჩანაწერები კვლავაც კეთდებოდა. მისივე თქმით, ჩანაწერები ტელევიზიას "ანონიმურმა წყარომ" მიაწოდა.

ეთერში გავიდა ნაწყვეტი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას საუბრიდან. ასევე გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრება. კიდევ ერთი ჩანაწერი დავით უსუფაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის საუბარს ასახავდა. იყო ნაწყვეტები პარლამენტარ დავით საგანელიძისა და თბილისის დინამოს პრეზიდენტის, რომან ფიფიას სატელეფონო საუბრებიდანაც.

ამის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო. 

უკვე 2015 წლის ოქტომბერში კი, უკარინულ პორტალზე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, რის შემდეგაც, მაშინ, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცების საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. 

ფაქტზე გამოძიება დღემდე არ დასრულებულა - საქმე პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა, რაც კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტს გულისხმობს.

არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიუხედავად, სისხლისსამართლებრივი დევნა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანეს

"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტიკური ოპონენტების, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა დაიწყო. დააკავეს ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა და სხვა პირები. 

"ოცნების" მმართველობის დროს, ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროდანაც კი გაიყვანეს. ამის შესახებ თავად მერაბიშვილმა, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. თქვა, რომ ციხიდან გვიან ღამით, მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით ჩუმად გაიყვანეს და მას შეახვედრეს. ფარცხალაძემ კი მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მდგომარეობის გაუარესებითა და მეგობრებისა თუ ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა. 

მერაბიშვილის ამ განცხადების მიუხედავად, გამოძიება სამი წლის განმავლობაში არ დაწყებულა, იქამდე სანამ,  2016 წელს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მასთან მიმართებით კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე დაირღვა, რომ ყოფილი პრემიერის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ გამოიყენა როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის. სასამართლომ საეჭვო გარემოებად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ ე.წ. მატროსოვის ციხემ იმ ღამის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ წარმოადგინა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 

"კარგი იქნებოდა, ეს გამოძიება თავის დროზე ეწარმოებინათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ თითქოს ვიღაცამ გაიყვანა და ესაუბრა, რაც ჩემთვის ღიმილის მომგვრელია. რადგან კითხვები არის, უნდა გამოიძიონ - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ?.. ალბათ, ახლა მაინც გამოიძიებენ. დაველოდოთ," - განაცხადა იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. 

თუმცა, გამოძიების დასრულებას არც ოლიგარქი ივანიშვილის ამ განცხადებამ უშველა და ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე, დღემდე გამოუძიებელია.

საქმეები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ

"ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება ე.წ. "პიჯაკების საქმეც" - პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

მაშინ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ "უსამართლო პოლიტიკურ დევნაზე" საუბრობდნენ.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე - თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე - ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა "ოცნების" მმართველობის პირობებში, თავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლს დაესხნენ - 2016 წლის 4 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი წევრისა და დეპუტატის, გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს.

აფეთქების დროს მანქანაში თავად თარგამაძე და მისი მძღოლი ისხდნენ, რომელთაც მართალია მსუბუქი დაზიანება მიიღეს, თუმცა ხუთი გამვლელი პირი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

2019 წლის 26 თებერვალს, აფეთქების საქმეში ბრალდებულ ყოფილ სპეცრაზმელს, დავით ხეჩუაშვილს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა, გივი თარგამაძე მაშინ ამბობდა, რომ ბრალდებულის ბლოკნოტში, რომელშიც სამიზნის, [გივი თარგამაძის] საცხოვრებელი ბინის მონახაზი იყო, ასევე ჩაწერილი იყო რამდენიმე მისამართი. თარგამაძის თქმით, მაშინ, ხეჩუაშვილის ცოლის ძმის სახლში სამი სახეობის ასაფეთქებელი ნივთიერება, ბომბისთვის საჭირო ყველა მასალა, დეტონატორები და ავტომატები აღმოაჩინეს.

გიგა ბოკერიას საქმე 

2013 წელს, იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მიმართ საქმის აღძვრა დააანონსა. ოლიგარქი ამბობდა, რომ ბოკერიამ საქართველოს ბიუჯეტიდან 
"ნაციონალური მოძრაობის" პიარისთვის, ლობისტებზე, მხოლოდ 2012 წელს, 16 მილიონი ლარი დახარჯა. მისივე თქმით, "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

ივანიშვილის "პროგნოზები" გამართლდა - უკვე 2014 წელს გიგა ბოკერია პროკურატურაში, გრიფით საიდუმლო საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შემდეგ, გამოძიება, ფაქტობრივად შეწყდა.

თითქმის 6 წლის შემდეგ, ბოკერია საგამოძიებო უწყებაში მეორედ დაიბარეს - 2019 წლის დეკემბერში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ამჟამად "ევროპული საქართველოს" ლიდერი პროკურატურაში არ მივიდა, ამიტომ ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

მაშინ, უწყების გამომძიებლები ამტკიცებდნენ, რომ თითქმის ექვსი წელი მათ დამატებითი მტკიცებულებების მოსაგროვებლად დასჭირდათ. ოლიგარქი ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იმუქრება - ბოკერიას "დანაშაულს" ვერ უმტკიცებენ.

 თავდასხმა "ლა ტრუფეში"

2013 წლის 12 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს რესტორან "ლა ტრუფეში" დაესხნენ. იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო უწყება თავდამსხმელებით დაინტერესებულიყო, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბრალი ძველი თბილისის მაშინდელ გამგებელს, ნიკა მელიას წარუდგინეს, თუმცა, მოგვიანებით ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

ამ საქმეზე დღემდე არ დაუსჯიათ ის პირები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. 

თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებზე თავდასხმა "ლა ტრუფეში" არ დასრულებულა; 

2014 წლის 31 მარტს, ფიზიკურად ნუგზარ წიკლაურს გაუსწორდნენ. დეპუტატს სახლთან, სამი მანქანით, 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

"ნაციონალური მოძრაობა" საქმის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვდა. მაშინ პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდა. ნუგზარ წიკლაურის ცემის დროული გამოძიება პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მოითხოვეს. 

ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, დეპუტატზე თავდამსხმელებიც - დღემდე დაუსჯელები.

თავდასხმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე

ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმიდან ორ თვეში, თავს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ მაშინდელ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს დაესხნენ. 

შსს-მ საქმე 120-ე მუხლით აღძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ჯარიმით, 6 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოთი ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამის მიუხედავად, თავდასხმაში მონაწილე ორი პირი - რეზო თაბუკაშვილი უმცროსი და რეჟისორი გიო მგელაძე, პოლიციამ მხოლოდ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მოძალადეების უპირობოდ გათავისუფლება, "ოცნების" სპიკერმა გია ვოლსკიმ იმით ახსნა, რომ: "ისინი არა უბრალო, არამედ ინტელექტუალური ოჯახიდან არიან".

მორიგი თავდასხმა - ამჯერად ნიკა გვარამიაზე 

თავდასხმები ამით არ დასრულებულა და ის არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკოსებს - 2017 წლის იანვარში ნიკა გვარამიას თავს ლევან გაჩეჩილაძის, იგივე "გრეჩიხას" შვილი დაესხა. რატი გაჩეჩილაძე გვარამიას უკნიდან მიეპარა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ტვინის შერყევა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ეს ქმედება თავისუფლების ორ წლამდე შეზღუდვით ან თავისუფლების ერთიდან სამ წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება. თუმცა, რატი გაჩეჩილაძეს ნიკა გვარამიას ცემის გამო მხოლოდ 3 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თავისი შვილის ძალადობრივ ქმედებას, ლევან გაჩეჩილაძე ასე გამოეხმაურა: "რატომ უნდა დაიჭირონ, ერთი ხელის დარტყმისთვის??" .

აეროპორტის ინციდენტი - "ძიუდოისტი" უგულავა

ოპოზიციის წარმომადგენლებზე კიდევ ერთი, ამ დრომდე გამოუძიებელი თავდასხმა - 2019 წლის 11 დეკემბერს, "ევროპული საქართველოს" წევრებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს აეროპორტის დაცულ ზონაში დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

 

 

 

 

 

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ თავს ძიუდოისტი ბადრი გავაშელაშვილი მეგობართან ერთად დაესხა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე არა თავდამსხმელების, არამედ უგულავას წინააღმდეგ აღძრა. ძიუდოისტი ამტკიცებდა, რომ მას უგულავამ სცემა და ამის შედეგად "ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა". 

საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა ძიუდოისტის ცემაში ბრალდებულად სცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, აუკრძალა ქვეყნიდან გასვლაც - მას პასპორტი და ID ბარათიც ჩამოართვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გოკა გაბაშვილი მაშინ დაზარალებულად სცნეს. 

რა მოხდა რეალურად აეროპორტში და ვინ ვის დაესხა თავს, გამოძიებას ეს დღემდე არ გაურკვევია. 

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები

ხელისუფლების კრიტიკოსებზე პოლიტიკური წნეხი ფიზიკური შეხლა-შემოხლით არ სრულდება - 2019 წლის 28 იანვარს, ინტერნეტში პარლამენტის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები გავრცელდა. ამ ფაქტს თავად ბესელიაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობდა. 

ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო საქმინობა. 

ამ საქმეზე, მალევე დააკავეს 20-მდე პირი, რომლებსაც ჩანაწერის გავრცელებას ედავებოდნენ - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. მალევე დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველილ ვიდეოჩანაწერი Youtube-ზე ატვირთა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ ამბობდა, რომ დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. თუმცა, საქმე ამით არ დასრულებულა. სასამართლო ამ დრომდე გრძელდება.

ეკა ბესელიამ საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით შეკითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასაც დაუსვა. 

"ოცნებიდან" დემარშით წამოსული დეპუტატი დაინტერესდა, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა ამ ქმედებას. "რატომ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ უმწვავესი კონფლიქტი გვქონდა მოსამართლეთა ათკაციანი სიის გამო? რა იყო ეს, დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ?" - მიმართა ბესელიამ გახარიას. 

პრემიერმინისტრისთვის ეს საკითხი "სამწუხარო და მიუღებელი" აღმოჩნდა. მან ბესელიას პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა, რომ გამოძიება დამკვეთებზე ჯერ არ გასულა. 

ჯაფარიძე - ხაზარაძის საქმე

არასასურველ პირებს, ხელისუფლება არა მხოლოდ პირადი კადრებით და ძალისმიერად ებრძვის, არის სხვა გზებიც:

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - 2019 წლის 24 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ამავე წლის აგვისტოში პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით ხაზარაძისა და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურამ "მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ექვივალენტების დაყადაღება" უწოდა. 

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, თითოეულ მათგანს 700 000 ლარი -  გადაიხადეს. 

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელიც იყო. თავსდატეხილი სამართლებრივი დავის შემდეგ, მან ახალი პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" დააფუძნა და 2020 წლის არჩევნების მთავარ პრიორიტეტად სვანური კოშკების აღდგენა დაასახელა

საყოველთაო წნეხი არა პოლიტიკოსებზე, რომლებიც სიკვდილით სრულდება:

ია კერზაიას საქმე 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს კი ის ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას, წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. სკოლაში ინსპექცია 9 ნოემბერს შევიდა. მაშინ განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და გამოავლინეს "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა", მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. 

დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია მაშინვე აცხადებდა, რომ ეს სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობა იყო. მისი თქმით, დედამისს, ინსპექციის სკოლაში შესვლამდე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობა არაერთხელ შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი, სკოლიდან გაშვებით დაემუქრნენ. 

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძება 2019 წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. 

პროკურატურის ამ განცხადების კვალდაკვალ, საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალებს ომბუდსმენი სწავლობდა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ საქმეში სისტემური ხარვეზები ვლინდებოდა. აქვე ამბობდა იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება და სიმართლის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა. 

ეროსი კიწმარიშვილის საქმე

2014 წლის 15 ივლისი - ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი საეჭვო ვითარებაში, მისი საცხოვრებელი სახლის პარკინგზე დაღუპული იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიამდე მივიდა, საქმესთან დაკავშირებით კი, 6 წლის შემდეგაც არაერთი კითხვაა. 

პასუხგაუცემელია საეჭვო ფაქტებიც და გარემოებებიც.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, როცა "რუსთავი 2"-ზე საუბრობს, თვალებში მე შემომხდოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მანაც ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს, - ეროსი კიწმარიშვილი.

ეს სიტყვები თავად ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ მან 2012 წლის 25 დეკემბერს, საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც სწორედ ივანიშვილის ამ განცხადებებს გამოეხმაურა:

კიწმარიშვილმა პარტნიორები გააცურა და ძირითადი თანხა თავად აიღო... მიაქციეთ ყურადღება, თურმე მე გავაცურე ჩემი პარტნიორები და ავიღე ძირითადი თანხა, თუმცა, რა თანხაა ეს, არსად ჩანს, - ბიძინა ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა კიწმარიშვილზე  2015 წლის მარტში ისაუბრა. მან კიწმარიშვილს ბრალი  ფსევდოოპოზიციურობასა და არაობიექტური მედიის შექმნაში დასდო. 

ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა "მაესტროდან", და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე, - ბიძინა ივანიშვილი.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქიბარ ხალვაშმა, ათწლიანი დუმილის შემდეგ, სასამართლოს წილების დაბრუნებაზე, სწორედ კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მიმართა. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არის აღმოჩენილი დნმ-ის კვალი იმ იარაღიდან, რომელიც მაშინ კიწმარიშვილს მანქანაში უპოვეს, ასევე არ არის დადგენილი პირი, რომლის თითის ანაბეჭდებიც მანქანაზე აღმოჩნდა. დაღუპულის ძმა მომხდარის შემდეგ ამტკიცებდა, რომ ამ იარაღზე სისხლის კვალი არ ყოფილა.

ამასთან, სათვალთვალო კამერა, რომელიც დაღუპული ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს იყო შეტრიალებული. მაშინ ტელევიზიებში მტვრიანი სათვალთვალო კამერა აჩვენეს, რომელსაც ნათითურები ეტყობოდა და სხვა მხარეს იყო მიბრუნებული.

უკვე ოთხი წელია, პროკურატურას კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე დახურული აქვს - ოფიციალურ ვერსიად კი საგამოძიებო უწყებამ თვითმკვლელობა გამოაცხადა. 

დემურ სტურუას საქმე

"დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა," - ეს არის ფრაზა 22 წლის დემურ სტურუას წერილიდან, რომელიც მან თვითმკვლელობამდე ოჯახის წევრებს დაუტოვა. შემთხვევა 2016 წელს მოხდა.

დატოვებულ წერილში მან სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა. საპატიმროში 9 თვის გატარების შემდეგ, თევზაძე, საბოლოოდ, უდანაშაულოდ სცნეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ დემურ სტურუას დედა ამბობდა: "მე მინდა ნამდვილი მკვლელი დავინახო. გოდერძი თევზაძის ინტერესი არ მაქვს. ვეძებ ნამდვილ მკვლელს".

საქმეზე, ამ დრომდე, აღარავინ დაუკავებიათ. 

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

უკვე თითქმის სამი წელია, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ამ ოპერაციას წინ უძღვოდა ამავე წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაცია, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს. სპეცოპერაციას მოჰყვა მსხვერპლიც - გარდაიცვალა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დაკავებული  პირები "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე იმყოფებოდა აჰმედ ჩატაევიც, რომელმაც თვითლიკვიდაციას მიმართა. 

სწორედ აჰმედ ჩატაევს უკავშირებდა სუს-ი, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაც. უწყების ცნობით,  გამოძიებით გამოიკვეთა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს, პანკისში მცხოვრებ რამდენიმე პირთან ერთად, მჭირდო კავშირი ჰქონდა ჩატაევთან და მის მოკავშირეებთან. სწორედ მათ შემოიყავეს ისინი საქართველოში, დააბინავეს და ამარაგებდნენ საჭირო რესურსით.  მოგვიანებით, არგუმენტების გასამყარებლად, უწყებაში ისიც ითქვა, რომ ჰქონდათ ვიდეოკადრები, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი აჰმედ ჩატაევთან ერთად ჩანდა. 

პანკისის სპეცოპერაციიდან ხუთ თვეში, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდებოდა.

2018 წელს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, იარაღით. თუმცა, ოჯახის ადვოკატი მაშინ საქმის გადაკვალიფიცირებასა და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებას ითხოვდა. 

ამ დროის განმავლობაში, მალხაზ მაჩალიკაშვილი  შვილის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტის წინ უწყვეტად  მართავდა არაძალადობრივ საპროტესტო აქციებს.

მაგრამ, 2019წლის 30 დეკემბერს, ახალ წლამდე 1 დღით ადრე,  გვიან ღამით, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამის კარავი, სადაც ის რჩებოდა ხოლმე, ძალის გამოყენებით აიღეს და მის ადგილას კი ზვიგენების გამოსახულების საზაფხულო ბატუტი ჩადგეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სიმართლის დამტკიცებასა და საკუთარი შვილის მკვლელობის საქმის სრულყოფილად გამოძიებას დღემდე ითხოვს.
 

პარლამენტის ყოფილი შენობა თბილისში, აქტუალობას არასდროს კარგავს: 

20 ივნისი - გავრილოვის სისხლიანი ღამე

"გავრილოვის სისხლიანი ღამე" - ამ სახელწოდებით შევიდა ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2019 წლის 20 ივნისი. დღე, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში, სპიკერის სავარძელში მოგვევლინა.

პოლიტიკოსებმა ეს ფაქტი პარლამენტის სხდომათა დარბაზშივე გააპროტესტეს, რასაც საღამოს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია მოჰყვა. ერთადერთი, ვინც სერგეი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს "გადაყვა" პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა. 

თავის მხრივ ხელისუფლება, 20 ივნისის ღამით, აქციის მონაწილეებს სასტიკად, ძალის გადამეტებით გაუსწორდა - მმართველმა გუნდმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ნახევრად ლეტალური იარაღის გამოყენებით დაარბია. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40 ჟურნალისტი, 160 კი მშვიდობიანი დემონსტრანტი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, კიდევ 2 პირი კი, მართვით სუნთქვაზე იყო.

მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც 20 ივნისის ღამით თვალი დაკარგეს, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მომხდარიდან ხუთ თვეში მიანიჭა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებულად გაცილებით უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. 

20 ივნისის ღამით გამოყენებული ტყვიების შესახებ ინფორმაციას კი საგამოძიებო უწყებამ გრიფით საიდუმლო დაადო.

20 ივნისის ღამით,  შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ გიორგი გახარია იყო, რომელიც გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დაწინაურდა პრემიერობამდე. 1 წლის თავზე კი უკვე გაპრემიერებულს,
"პოლიტიკური ამნეზია" დაეწყო და თქვა, რომ 20 ივნისის სასტიკი დარბევა საერთოდ არ ახსოვს.

ე.წ გავრილოვის ღამის შემდეგ, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 დღის განმავლობაში გაგრძელდა. 

საზოგადოებაში მთავარ მოთხოვნად კვლავ საქმის დროული და ობიექტური გამოძიება რჩება. სამოქალაქო სექტორი ითხოვს, დადგინდეს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერება, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის გიორგი გახარიას, შესაძლო პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, აქციის დაშავებულ მონაწილეებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. 

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფოს 20 ივნისის საქმეებში გარკვევა და მისი გამოძიება არ უნდა, ისაა, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის როლი იკვეთება. პოლიტიკოსები თვლიან, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე არა კონკრეტულ სამართალდამცველთა გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაული იყო. 

20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ 342 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსები - ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.

გამოძიება ნიკა მელიას 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელძღვანელობას
და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს, რის შემდეგაც, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ასევე, მას ორ წელზე მეტი ხნით აეკრძალა საჯარო განცხადებების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გაუკეთეს ელექტრონული სამაჯურიც და პროკურატურის ნებართვის გარეშე სახლის დატოვებაც შეეზღუდა. 

მოგვიანებით, ნიკა მელიას ოლიგარქის ხელისუფლება ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე 7 წლის თავზე მიედავა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამავე სასამართლოს შემდეგ, 12 დეკემებრს, 88 მომხრე და არც ერთი წინააღდმეგით, მელიას დეპუტაციამ საპარლამენტო მანდატი ჩამოართვა. 

20 ივნისის ღამის შემდეგ კიდევ ერთი დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილია, რომელმაც თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. მოსამართლემ ის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გაამართლა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში კი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, კიდევ ერთ პოლიტპატიმართან, გიგი უგულავასთან ერთად, 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა

სამგზის დაკავებული გიგი უგულავა

2020 წლის 10 თებერვალს, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ერთი და იგივე ბრალდებით მესამედ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი დამნაშავედ თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნო. ამნისტიის შესახებ კანონისა და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში უკვე ორჯერ იჯდა, საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. 

"ივანიშვილის საქართველოში, ციხე არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვო თავსუფლება და მე ამ თავისუფლებას ვიპოვი", - თქვა უგულავამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი ფეხით მივიდა. 

ე.წ. "მატროსოვის" და შემდეგ უკვე რუსთავის ციხეში თბილისის ყოფილმა მერმა ოთხი თვე გაატარა. უგულავას დაკავებიდან პირველსავე დღეს, ოპოზიცია და ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მას პოლიტპატიმრად მოიაზრებდნენ. 8 მარტის შეთანხმება კი რომელიც ფასილიტატორი ელჩების დახმარებით ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მოხდა, საარჩევნო ცვლილებებთან ერთად სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა. მიუხედავად "ოცნების" უარყოფისა, რომ ამ შეხვედრაზე პოლიტპატიმრებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და მეტიც, ქვეყანაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არსებობენ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ პრეზიდენტმა,  უგულავა და ოქრუაშვილი 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა

შეგახსენებთ, რომ მანამდე, გიგი უგულავას, 2013 წლის თებერვალში, "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე (ენმ-ს აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმება) ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც თბილისის მერის უფლებამოსილება შეუჩერეს. უკვე 2014 წელს, ამავე ბრალდებით დააკავეს. თბილისის ყოფილმა მერმა, წინასწარ პატიმრობაში, კანონით დადგენილი 9 თვის ნაცვლად, 14 თვეზე მეტი გაატარა, ამის გამო მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა - სასამართლომ დაადგინა, რომ უგულავა წინასწარ პატიმრობაში მართლაც კანონის დარღვევით იმყოფებოდა. ის 2015 წლის 17 სექტემბერს გაათავისუფლეს. თუმცა, ციხის გარეთ ზუსტად ერთი დღე გაატარა - მას 18 სექტემბერს "თბილსერვისის" საქმეზე პატიმრობა მიესაჯა. გიგი უგულავამ საპატიმრო 2017 წლის 6 იანვარს დატოვა. 

აფგან მუხთარლის საქმე

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ამის გამო ქვეყანაში დევნიდნენ, ამიტომ მუხთარლიმ 2015 წელს თავი ოჯახთან ერთად საქართველოს შეაფარა.

2017 წლის 29 მაისს კი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის დარღვევისა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანის ბრალდებებით დააკავეს

მოგვიანებით გაირკვა, რომ მუხთარლის პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. ჟურნალისტმა თქვა ისიც, რომ თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. მისი თქმით, ამის უფლება მათ საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს დატოვებდნენ უწყების სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, ოთარ კუპრაშვილი. 

აფგან მუხთარლის გაუჩინარებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, თუმცა გამოძიების შედეგები, ვინ და რა მიზნით გაიტაცა მუხთარლი აზერბაიჯანში, ცნობილი ამ დრომდე არაა. 

ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ 

20 ივნისის აქციების შემდეგ, 18 ნოემბერს, იარაღის ჩადებით დააკავეს "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე, გიორგი რურუა. აღსანიშნავია, რომ რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციებსაც აფინანსებდა. 

დასავლელი პარტნიორების მიერ კიდევ ერთ პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანის წინააღმდეგ, საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებას გულისხმობს.

სწორედ ამ ბრალდებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთ დამფუძნებელს სასამართლომ 2020 წლის 30 ივლისს თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.  საქმე დიდია და არსებობს კითხვები, მათ შორის რურუას წინააღმდეგ საპატიმროში, ადვოკატის არ დასწრებისას ძალით აღებულ დე-ენ-ემზე, იმაზე თუ რატომ აღმოჩნდა რურუას დაკავების დრო და ადგილი იქ სადაც არაა კამერები და მთავარი რატომ უგუვებელყოფს ხელისუფლება დასავლეთის მოწოდებას, გათავისუფლდეს პილიტპატიმარი გიორგი რურუა.

"მთავარი არხის" დაფუძნებამდე კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის რამდენიმე წლიანი საქმე იყო. ნიკა გვარამიამ და მისმა გუნდმა ტელეკომპანია "რუსთავი 2" 2019 წლის ივლისში დატოვეს, სწორედ ამის შემდგომ დაფუძნდა და უკვე 9 სექტემბერს მაუწყებლობა დაიწყო "მთავარმა არხმა". 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ იყო ოპოზიციორი ტელევიზიების ჟურნალისტების  მიმართ დაშინების, გაჩუმების ან დაშანტაჟების მცდელობები. დღემდე არსებობს პროტესტის მუხტი აჭარის ტელევიზიის ირგვლივ, სადაც Facebook პოსტების გამო ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. 

გიორგი გაბუნიას საქმე

თითქმის ორი თვეა, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთის ლიდერისა და პუტინის მარჯვენა ხელის, რამზან კადიროვის დაკვეთით, გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა, 2020 წლის 15 ივნისს გახდა ცნობილი, მაშინ როცა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ის დეტალები გაასაჯაროვა, რომლის შესახებაც უკრაინულ და ქართული წყაროებზე დაყრდნობით იცოდა. 

 

ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოძიებასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება, 2012 წლის შემდეგ, ეტაპობრივად გვპირდება. ჩამოიღებენ თუ სხვას მოუწევს თაროდან ჩამოღება, ამას მომდევნო არცევნები იტყვის, იქამდე კი ამ საქმეების ნუსხას - 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული დაღუპვის საქმეები ემატება, რომელსაც რომ არა მედია, სათუოა, რამე გვცოდნოდა, ისედაც პასუხგაუცემელ კითხვათა კასკადში.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი