გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა - ოპოზიცია თანხმდება, რომ საარჩევნო ერთობა უნდა შენარჩუნდეს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია თანხმდება, რომ საარჩევნო ერთობა უნდა შენარჩუნდეს. ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ერთიანი ძალებით განაგრძობენ და საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერები ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური ინტრიგების დრო ნამდვილად არ არის და აუცილებელია, ყველა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეს - ეს მიზანი კი ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენის საკითხი მათთვის დახურულია. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება პარტიის სამდივნოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიიღეს. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ადგილზე მყოფ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთობა და ერთობლივი ძალისხმევით ივანიშვილის დამარცხება. 

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მთავარ ამოცანაზე კონცენტრირება მოხდეს, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას განაპირობებს. 

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრ გურამ ჩალაგაშვილის თქმით, თუ იქნება ერთობა, მაშინ ყველა შეძლებს, რომ მიზანს მიაღწიოს და ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი დაასრულონ. 

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დღეს დავით ბერძენიშვილმა თავისი მოსაზრება Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. 

გიორგი ვაშაძე/თამარ ჩარკვიანის საარჩევნო სუბიექტმა ვერ შეძლო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან შეთანხმება. თბილისის 6 ოლქში არიან ოპოზიციის შეთანხმებული( რეალურად, ლიდერი) კანდიდატები. საბურთალოზე თ. ჩარკვიანის კანდიდატობამ შეუძლებელი გახადა საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმება. ამიტომ, შეთანხმების მონაწილე პარტიების ნაწილი( ევსაქები, ლეიბები და სხვა) ისანში გიორგი ვაშაძეს დაუჭერენ კვლავ მხარს, საბურთალოზე კი ამავე სუბიექტის კანდიდატის - თამარ ჩარკვიანის წინააღმდეგ მხარს ირაკლი ოქრუაშვილს უჭერენ. ასეთ ვითარებაში ნაცმოძრაობა სრულიად თავისუფალი იყო, მიეღო მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება - წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 აგვისტოს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე ხატია დეკანოიძე წარადგინა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც, მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.

გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს "ძალა ერთობაშია" და ახალი პოლიტიკური ბლოკი, "სტრატეგია აღმაშენებელი" დააფუძნა. ამის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს. 

ცნობისთვის, ისანში ერთმანეთის კონკურენტი 5 კანდიდატი იქნება, ჯერჯერობით ვითარება ასეთია: 

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ხატია დეკანოიძე;
  • "პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნადან" - დავით ჭიჭინაძე;
  • გაერთიანებული ოპოზიცია - გიორგი ვაშაძე;
  • "ქართული ოცნება" - კახი კახიშვილი;
  • "ლელო" - ლანა გალდავა.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი