იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას ახლებურად განმარტავს და ამბობს, რომ კანონში შესატანი შეზღუდვები მხოლოდ სუროგაციას ეხება.
წულუკიანის განმარტებით, შეზღუდვები, რომლებიც უწყებამ დააწესა, ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგაა მიმართული.
მე მინდა, გამოვეხმაურო ყალბ ინფორმაციას, რომლის უკანაც, ვფიქრობ, დგანან ის კერძო კომპანიები, რომლებიც ძალიან დიდ სარგებელს იღებენ სუროგაციის გზით. ახალი წესის მიხედვით, წყვილი კვლავ იქნება გაგებული, როგორც ქალი და მამაკაცი; ჩვენ კი უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის დანაშაული. ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, მათთან მიმართებით იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნის და შეუძლიათ იყონ მშვიდად, - ამბობს წულუკიანი
გუშინ, 26 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წულუკიანის გადაწყვეტილებას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".