მე ვბრუნდები! - ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური გზავნილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. უკრაინაში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ზელენსკის გუნდის მთავარმა რეფორმატორმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განმარტა ის მიზეზები, რის გამოც ახლა ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.
ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს - იქნება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდეტი მთავარი ოპოზიციური პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი? ვიდეომიმართვაში სააკაშვილს გეგმების შესახებ დაწვრილებით აღარაფერი უთქვამს, თუმცა მისი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი უკვე მოხდა - სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად პოლიტიკურ დუელში გამოიწვია.
ყველაზე მძიმეწონიანი პოლიტიკოსის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში არაერთგვაროვნად აღიქვევს. სააკაშვილის განცხადება დაემთხვა ისანში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დასახელებას. რის გამოც, ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის გადაწყვეტილება პარტიული ხმების მობილიზებად აღიქვა. დიდი ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ახლა გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც მისგან ამომრჩეველი დიდი ხანია ითხოვს და რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელია.
ოლიგარქიასთან მებრძოლი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსის ამბიციურ განაცხადს დღეს ქართველი ოლიგარქის თანაგუნდელებმა ცინიზმით გაჯერებული მუქარა დაუპირისპირეს და იძულებით პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულ სააკაშვილს შეახსენეს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მისთვის ციხის საკანს ამზადებენ.
სავარუდოდ უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილი მისი სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცელ განცხადებას გააკეთებს. თუმცა მთავარი უკვე ითქვა - ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება.