ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ერთი ბავშვის დაბადებას, რამდენიმეს სიცოცხლე ემსხვერპლება, რის გამოც ეს ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება.
ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი. ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი, არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად. ანუ ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმეს სიკვდილი ერთის გადასარჩენად, ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მამა შალვა კეკელია ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ჩასახვიდან ადამიანი პიროვნებაა, ამიტომ როცა სუროგატ დედას ეუბნებიან, რომ მას ბავშვი არ უნდა უყვარდეს, ეს ნიშნავს, რომ 9 თვის მანძილზე ჩვილი ტერორის ქვეშ იქნება.
26 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წულუკიანის გადაწყვეტილებას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".