"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თეა წულუკიანის წინააღმდეგ - ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება დაიწყო. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის სადავო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ქორწინებიდან 1 წლის გასვლამდე ვერ შეძლებს.
იურისტების შეფასებით, ბრძანება ბუნდოვანი და ორაზროვანია, ამასთან მათთვის სადავოა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონიც.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, რომელიც მოიცავს როგორც ინვიტრო განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას, დასაშვებია მხოლოდ წყვილებისთვის. შესაბამისად, მაგალითად, მარტოხელა ქალს ან მარტოხელა კაცს არ შეუძლია, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით ისარგებლონ. წყვილებს გაურთულდათ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობის შესაძლებლობა იმიტომ რომ ისინი ვალდებული არიან ერთი წელი მოიცადონ. რაც შეიძლება მათ შანსებს ამცირებდეს, რომ ჰყავდეთ შვილი, - ამბობს იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა ახალ ბრძანებას მოაწერა ხელი. თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წულუკიანის გადაწყვეტილებას უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი დისკრიმინაციულია, რადგან ინიციატივა მარტოხელა მშობლებს ბავშვის ყოლას უკრძალავს და არა იმ ოჯახებს, რომლებიც წყვილად ითვლებიან, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
კრიტიკის შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინვიტრო განაყოფიერების შესახებ ინიციატივას ახლებურად განმარტავს და ამბობს, რომ კანონში შესატანი შეზღუდვები მხოლოდ სუროგაციას ეხება.
ცნობისთვის, ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებზე, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა. ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები პრობლემატურები იქნებიან. "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა".