საჯარო მოსამსახურეებმა 18 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მგზავრობებისას, რაც სამსახურს არ უკავშირდება | აუდიტი გარდაბანზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ხოლო წყლის ხარისხი ფაქტობრივად არ მოწმდება. გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი.

2021-2022 წლების ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, რისთვისაც აღნიშნულ პერიოდში 1,159.8 ათასი ლარია გახარჯული. 

დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს შესაბამისი პროფილის პასუხისმგებელი სუბიექტი; მოსახლეობის ძირითად ნაწილს სასმელი წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. 

"მთავარი არხის" კითხვებს დღეს გარდაბნის მერმა არ უპასუხა.

"საანგარიშო პერიოდში ქალაქ გარდაბნისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. 20 სოფელში მცხოვრები 9,283 ოჯახის წყალმომარაგებას ემსახურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ−გარდაბანსერვისი, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. აღნიშნულ 20 სოფელში მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკით, ხოლო დანარჩენი 5 სოფლის 5,428 ოჯახისათვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი (სარგებლობენ ბუნებრივი წყაროებით).

2021-2022 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სულ გაწეულია 1,159.8 ათასი ლარის ხარჯი. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყლის სისტემა, ასევე ჭაბურღილები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით, არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ აქვს გატარებული", - წერია დასკვნაში.

გარდა ამისა, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 23-24 სამორიგეო ავტომანქანას. წლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული 115-145 ავტომობილით. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა საანგარიშო პერიოდში გახარჯა 588 ტონა საწვავი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 404 ტონა საწვავი. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. სულ 2021-2022 წლებში გამოვლინდა 147 მსგავსი შემთხვევა, რა დროსაც ავტომობილის ავზში ჩასხმულია 10 ტონაზე მეტი საწვავი. აღნიშნული შეუსაბამობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აგაი სისტემით აღჭურვილი ავტომანქანისათვის განკუთვნილი საწვავით იმართება სხვა ტრანსპორტი,ჩიპის გადატანის შედეგად;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებში 58 შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე, რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან და ტექნიკური მონაცემებიდან (წვის ნორმა) გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა. ამ გზით სულ ჩასხმულია 2 ტონაზე მეტი საწვავი;
  • საჯარო მოსამსახურეებმა 18 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

ოპოზიცია ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, თუმცა მათივე თქმით, ეს დასკვნა თაროზე შემოიდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი