ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, ცემაში შემოაკვდათ. ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ფოტოებს, დე ფაქტო რეგიონში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია. განცხადებაში წერია, რომ ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და გამოძიების დასრულებამდე, ე.წ. შს მინისტრი გაათავისუფლა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ინალ ჯაბიევი სწორედ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში იყო ბრალდებული.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ანატოლი ბიბილოვმა, ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დათხოვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Эха Кавказа ავრცელებს.
საქმეზე გამოძება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაიწყო.