თუ ნავალნის მოწამვლა დადასტურდება, გერმანია რუსეთს სანქციებს დაუწესებს

გამოქვეყნდა:

ბერლინი მზადაა, დიპლომატიური სანქციები დაუწესოს მოსკოვს, თუ დადგინდება, რომ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

გვჭირდება მეტი სიცხადე, რადგან აქედან ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ იდგა მოწამლვის უკან. ეს საკითხი ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ გერმანიასა და რუსეთს, არამედ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ინტერესებშიც არის სიმართლის დადგენა, - ამბობს მაასი

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნავალნის შემთხვევაში გერმანია ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში მოიქცა

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ.

21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან.

ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი