ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში ნიღბიანი შეიარაღებული პირები პირდაპირი ეთერის დროს სახელმწიფო ტელევიზია TC-ს სტუდიაში შეიჭრნენ. ისინი თანამშრომლებს დაემუქრნენ და აიძულეს ძირს დაწოლილიყვნენ, ისმოდა ყვირლი და ფრაზა "ნუ ისვრით". მოგვიანებით პირდაპირი ეთერი შეწყდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მოგვიანებით ტელევიზიის თანამშრომლები გაათავისუფლეს და დააკავეს 13 პირი. უწყება ამბობს, რომ დამნაშავეები "დაისჯებიან ტერორისტული აქტების გამო".
პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტი" არსებობს და შეიარაღებული ძალების მობილიზება ხორციელდება "სამხედრო ოპერაციების გასანეიტრალებლად".
ორშაბათს ეკვადორში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. რვა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებულ თავდასხმებში გუაიაკილში სამშაბათს, ხოლო ორი პოლიციელი მოკლეს "შეიარაღებულმა კრიმინალებმა" ახლომდებარე ქალაქ ნობოლში.
საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ციხიდან გაუჩინარდა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ადოლფო მასიას ვილამარი, მეტსახელად "ფიტო". უსაფრთხოების ძალები ცდილობდნენ წესრიგის აღდგენას სულ მცირე ექვს ციხეში, სადაც ორშაბათს არეულობა დაიწყო.
ქალაქ რიობამბაში, თითქმის 40 პატიმარი, მათ შორის კიდევ ერთი მსჯავრდებული ნარკობარონი გაიქცა ციხიდან. სულ მცირე შვიდი პოლიციელი გაიტაცეს.
გაურკვეველია, უკავშირდებოდა თუ არა ინციდენტი გუაიკილის სატელევიზიო სტუდიაში იმავე ქალაქის ციხიდან "ფიტოს" გაუჩინარებას.