ლევან ვარშალომიძე ადასტურებს, რომ ენმ-ს სახელით ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ინფორმაცია "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" დაადასტურა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც ამჟამად კარანტინში იმყოფება, ამბობს, რომ სამშობლოში "რუსული ოცნების" დასამარცხებლად დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეებს აძლევს პირობას, რომ ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.

თქვენს ეთერში მინდა განვაცხადო, რომ მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, მე აუცილებლად ვიბრძოლებ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ბათუმიდან და ეს ბრძოლა იქნება დაკავშირებული ერთ რამესთან: მე არ ვიბრძვი თანამდებობისთვის, მინდა ამ ბრძოლაში ჩავერთო, რათა გადავარჩინოთ საქართველო, - თქვა ვარშალომიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვარშალომიძემ არ დააკონკრეტა, თუ როდის და რა ფორმით დაუბრუნდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას, თუმცა  აღნიშნა, რომ სააკაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაში და ის აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გაავრცელა.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი