
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება - "სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა" - ამბობს მდინარაძე
მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ლევან ვარშალომიძე გამოუშვა.
„ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია.
ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა, - თქვა მდინარაძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ, 30 აგვისტოს დაბრუნდა.
აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" გადაცემა დღის სტუმარში დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის სახელით ბათუმის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.