„მაუწყებლობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელებას ზღუდავს, დღეიდან ამოქმედდება. კანონის აღსრულება და დარღვევას კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკონტროლებს.
ახალი კანონით მარეგულირებელს ენიჭება განუსაზღვრელი უფლება ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, დააწესოს შეზღუდვები, დააკისროს მას სანქციები ან შეუჩეროს ლიცენზია.
არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები ცენზურის საფრთხეებზე საუბრობენ და ვარაუდობენ რომ შეზღუდვებს კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
მედიასაშუალებებმა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 4 ტელევიზია მარეგულირებლის დაწესებული შეზღუდვების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
მაუწყებლებმა 19 აგვისტოს მარეგულირებელ კომისიას და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნეს, სადაც სწორედ იმ საფრთხეებზე იყო საუბარი რომელსაც ეს კანონი შეიცავს:
კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც. მოქმედმა პარლამენტმა ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედებას - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 1 ივნისს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ის 1 სექტემბრამდე გადაიდო.
ავტორი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურია, რომელსაც ცენზურის დაკანონების მცდელობისთვის სოფიო კილაძემ საჯაროდ მადლობაც გადაუხადა.