
მე-9 მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს, 1 სექტემბერს, ბოლოჯერ გახსნის.
პლენარულ სხდომას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უხელმძღვანელებს. მიზეზი სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თვითიზოლაციაა. პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ნაწილობრივ ბოიკოტის რეჟიმში რჩება ოპოზიცია, რადგან მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩება. თუმცა, ოპოზიციიდან ცალკეული დეპუტატები საპარლამენტო ტრიბუნას პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ მაინც გამოიყენებენ.
8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, ოპოზიცია იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში, რომელიც სულ რამდენჯერმე დავარღვიეთ, როდესაც აუცილებლად ჩავთვალეთ პლენარულ სხდომაზე შესვლა საკითის მნიშვნელობიდან გამომდინარე. არ გამოვრიცხავ, მივიღოთ მონაწილეობა, რათა კიდევ ერთხელ ვამხილოთ, რამდენად მავნებლურ ინიციატივებს იღებენ ისინი საარჩევნო კოდექსში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.
რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა და რურუას პოლიტიკური დევნა განაგრძო.
ცნობისთვის, მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2020 წლის 8 მარტს რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდა: საარჩევნო სისტემის ცვლილება, არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.