სააკაშვილი უნდა დავაბრუნოთ - კობახიძე წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის რეიტინგებზე ისაუბრა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, "ოცნებას" მაღალი და მზარდი რეიტინგი აქვს, რაც მათ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს.

"ქართულ ოცნებას" აქვს სტაბილურად მაღალი და მზარდი რეიტინგი, რაც გვაძლევს მტკიცე მოლოდინის საფუძველს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს, ჩვენი პარტია კიდევ ერთხელ მიიღებს ძლიერ ნდობის მანდატს და შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, - განმარტა კობახიძემ.

კობახიძე მთავარ კონკურენტად "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს და ამბობს, რომ მათ 12%-იანი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა იმედოვნებს, რომ ენმ-ს რეიტინგი შემცირდება.

12%-ით ისინი არიან დღეს, სამწუხაროდ, მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქართული დემოკრატია წინ წავიდეს და განვითარდეს, - თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის კი ბოდიშს კობახიძე წინასაარჩევნო სტრატეგიად მიიჩნევს და ამბობს, რომ სააკაშვილმა წაყენებული ბრალდებებისთვის პასუხი უნდა აგოს.

მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, რათა მან მთელი სიმკაცრით აგოს კანონის წინაშე პასუხი, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 31 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12%-იან მხარდაჭერასაც კი ვერ მიიღებს, რაც მისი შეფასებით, ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება.

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ოფიციალური განაცხადი მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს
გააკეთა. დაშვებული შეცდომებისთვის კი საჯარო ბოდიში მოიხადა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აანონსებენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმას  უახლოეს დღეებში წარადგენს. არც იმას მალავენ, რომ პრემიერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, სწორედ მიხეილ სააკაშვილი იქნება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი