31 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტობერი გამოაცხადა. პრეზიდენტის მიმართვიდან რამდენიმე საათში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და "ოცნების" სპიკერისგან ირაკლი კობახიძისგან ვისმენთ, რომ NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლები ამ არჩევნებზე არ ჩამოვლენ.
საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩატარებული არჩევნები ბოლოს ბელარუსში გვახსენდება, ამიტომ დავინტერესდით საქართველოს წარსული გამოცდილებით საერთაშორისო მონიტორებზე, რომელი ორგანიზაციები ოპერირებდნენ აქამდე ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე აქ და რამდენი დამკვირვებელი გამოგზავნეს მათ ქვეყანაში სულ.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა 34 საერთაშორისო ორგანიზაცია, 1641 დამკვირვებლით.
[ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით]
2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა 64 საერთაშორისო ორგანიზაცია, 1241 დამკვირვებლით.
[გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად]
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროცესს აკვირდებოდა 55 საერთაშორისო ორგანიზაცია, 1440 დამკვირვებლით.
[ქართული ოცნება კვლავ უმრავლესობით]
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პროცესს აკვირდებოდა 58 საერთაშორისო ორგანიზაცია, 1941 დამკვირვებლით.
[სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად]
"აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI)
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
"ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR),
"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი" (OSCE/ODIHR),
„ევროპული ინსტიტუტი დემოკრატიისათვის" (EIDP)
"საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი” (IFES)
ჯერჯერობით უცნობია, რომელი უცხოური ორგანიზაციები არიან დარეგისტრირებულები 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის და რა გზით ჩამოვლენ ისინი ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო. მაგრამ საყურადღებოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი წელი იქნება, სადაც არ იქნებიან NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლები. აქვე შეგახსენებთ, რომ NDI ქვეყანაში 1994 წლიდან ოპერირებს, IRI კი - 1999 წლიდან.
სწორედ დამკვირვებლების მონაწილეობაზე საუბრისას, 21 აგვისტოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მმართველი პარტია, კორონავირუსის პანდემიას ამოფარებული, სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს ხელი შეუშალოს უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლას. მათ მოუწოდეს კიდეც "ქართულ ოცნებას", რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუმარტივოს ქვეყანაში შემოსვლა, რათა ისინი არ მოხვდნენ კარანტინში და იმავდროულად დაიცვან მათი ჯანმრთელობა.
ერთადერთი, რაც არჩევნებისათვის ამჟამად ხელთ გვაქვს, ეუთოს რეკომენდაციაა. მოხსენების მიხედვით, ეუთო რეკომენდაციას უწევს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის (EOM) განთავსებას და ქვეყანაში 378 დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავს.
რაც შეეხება მათ გამოცდილებას საქართველოში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აქ 1992 წლიდან ოპერირებს.
ავტორი: თინათინ ინაური