მედიის თავისუფლება, დემოკრატია, მესამე პრეზიდენტის საქმე და საქართველოს ევროინტეგრაცია - ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და დეპუტატი ანა წითლიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით წარდგნენ. ოპოზიციური პარტიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით დგას.
ლევან ბეჯაშვილმა გაიხსენა 5 ივლისის მოვლენები, როცა 53 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ისაუბრა, დამოუკიდებელი მედიამენეჯერების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
"საქართველოში ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მათი ფიზიკური უსაფრთხოება. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ნება დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორები, პირველ რიგში, 2021 წლის 5 ივლისის მასიური თავდასხმების ორგანიზატორები ჟურნალისტებზე, რომლებმაც ფიზიკური ზიანი მიაყენეს 53 ჟურნალისტს და სამწუხაროდ, „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თბილისის ცენტრში სასტიკად ცემის შედეგად, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
შეშფოთებული ვართ საქართველოში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებითა და მუდმივი თავდასხმებით, რაც არა მხოლოდ ძირს უთხრის დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, არამედ აზიანებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. [...] ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ოპოზიციური მედიის მენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ. ბევრი ჟურნალისტი საუბრობს ცენზურის, მთავრობის ჩარევისა და სამართლებრივი ქმედებების შესახებ, რომლებიც შექმნილია საგამოძიებო ჟურნალისტიკის გასაჩუმებლად. გარდა ამისა, მედია საშუალებებზე ფინანსურმა ზეწოლამ გამოიწვია მედიის კონცენტრაცია, რაც ზღუდავს აზრებისა და იდეების მრავალფეროვნებას", - თქვა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილმა მოუწოდა ევროპის საბჭოს, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში არსებულ ვითარებას და გადაჭრას ჟურნალისტების წინაშე მდგარი გამოწვევები.