ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში დაგეგმილი რამდენიმე დიდი ღონისძიება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება 1 სექტემბერს საკონდიტრო "დონაში" აღმოჩენილმა ინფიცირების შემთხვევებმა განაპირობა.

ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები უჩივიან ზარალს, რომელიც გაუქმებულ მუსიკალურ ღონისძიებებს მოჰყვება და ბიზნესის ხელშეწყობისათვის მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. 

გაუქმდა ყველა დიდი სამომავლო ღონისძიება. ძალიან რთული სიტუაცია გველოდება წინ - ბიზნესი ნადგურდება, ორგანიზატორებიც ცუდ დღეში არიან, ისინი ვერ უხდიან დაპირებულ ჰონორარს ვერც ადგილობრივ და ვერც უცხოელ შემსრულებლებს. გასაგებია, რომ სახელმწიფო ხალხზე ფიქრობს და ესაა ღონისძიებების ჩაშლის მიზეზი, მაგრამ ასეთ დროს მეორე მხრიდანაც უნდა შეხედონ სიტუაციას და გაიაზრონ, რა დღეშია ბიზნესი, - ამბობს დიჯეი ელენე მუშკუდიანი "მთავართან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ "დონაში" ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 თავად საკონდიტროს მფლობელსაც დაუდასტურდა. ამ დროისათვის საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი