ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაავრცელა.
პრემიერის თქმით, სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს სრულად მობილიზება დაევალათ.
ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ. ზომები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა: პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. გვჭირდება ძლიერი საგანმანათლებლო ნაბიჯების გადადგმა და უნდა მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე, რომ ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისადმი, - განმარტა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 14 სექტემბრიდან იგეგმება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.