ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება - პრემიერი

გამოქვეყნდა:

ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. ინფორმაცია პრემიერმა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაადასტურა.

მიუხედავად ამისა, გიორგი გახარიას თქმით, დაწესდება გარკვეული შეზღუდვები.

ბათუმში სიტუაცია, ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება. რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და არანაირ ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. დღეს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი ბათუმში ისვენებს და ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება, - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე საკონდიტრო "დონაში" ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 თავად საკონდიტროს მფლობელსაც დაუდასტურდა. ამ დროისათვის საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, ბათუმში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები გაუქმდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი