პუტინმა მიანიშნა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, არ გამორიცხავს Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას, იმ პირობით, რომ აშშ გადადგამს "საპასუხო ნაბიჯებს".

რუსეთი გერშკოვიჩს ამერიკელ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, რასაც აშშ უარყოფს. თითქმის ერთი წელია ის ციხეშია.

Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუს დროს პუტინს სთხოვა კეთილგანწობის ნიშნად მისი გათავისუფლება. პუტინმა თქვა, რომ იმდენი მსგავსი ჟესტი გააკეთეს "ამოეწურათ". 

"არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ბატონი გერშკოვიჩი, შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. საბოლოო ჯამში, აზრი არ აქვს მას რუსეთში ციხეში შენახვას. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა განიხილონ, თუ როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ჩვენი სადაზვერვო სააგენტოების მიზნებში. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. უფრო მეტიც, დიალოგი გრძელდება. და იყო მრავალი წარმატებული მაგალითი ასეთი დიალოგისა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ამ შემთხვევაში ალბათ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ", - უპასუხა პუტინმა.

პუტინმა ნათლად აჩვენა, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესები. მან გაიხსენა კაცი, რომელიც "იხდის სასჯელს აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაში".

"ამ კაცმა პატრიოტული მიზეზების გამო ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში", - თქვა პუტინმა.

სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ვადიმ კრასიკოვს (ასევე ცნობილი როგორც ვადიმ სოკოლოვი). მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

გერმანიის სასამართლომ დაასკვნა, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებებმა კრასიკოვს დაავალეს ხანგოშვილის მოკვლა, რომელიც იმ დროს გერმანიაში ცხოვრობდა და თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილებას ელოდა. ამის შემდეგ კრასნიკოვმა ვადიმ სოკოლოვის სახელით საბუთები მიიღო და შენგენის ვიზაზე მიმართვა გააკეთა. 2019 წლის აგვისტოში მან ბერლინში ხანგოშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა. 

პუტინი მიანიშნებს, რომ თეორიულად მზად იქნება გერშკოვიჩი კრასიკოვში გაცვალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი