19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე | მოსამართლემ ბრალდებულის მამისა და ბიძების განაჩენი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. საუბარია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ბიძებისა და მამის ბრალდებაზე.

მოსამართლემ ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოწმეებზე ზეწოლას ედავებოდნენ.

მოსამართლემ გიორგი ბაჟუნაიშვილთან მიმართებაში პირობითი მსჯავრით გათვალისწინებულ სასჯელს დაუმატა ახლადწარდგენილი ბრალი და მთლიანობაში მას, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს ბიძა, დავით ბაჟუნაიშვილიც და მასაც 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მეორე ბიძა - გელა ბაჟუნაიშვილი, რომელიც სასულიერო პირია და რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. [სასულიერო პირს გირაო ჰქონდა შეფარდებული].  

მოსამართლემ განმარტა, რომ გელა ბაჟუნაიშვილს (მამა იობი) შეეძლო აღსარების საიდუმლო არ გაეთქვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გელა ბაჟუნაიშვილს  გირაოს თანხა 15 000 ლარი უკან დაუბრუნდება.

მსჯავრდებულების ადვოკატი განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს.

მკვლელობა გასული წლის 18 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მოხდა, მოკლული 22 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან მერვე დღეს, ტყეში დამარხული იპოვეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე დიდ ბრიტანეთში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

ცნობისთვის, ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირია დაკავებული. სამივე მოკლულის მეგობარია და მათი განაჩენი ხუთშაბათს გახდება ცნობილი. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი