ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს. ის გახდა კაბინეტის პირველი წევრი, რომელსაც იმპიჩმენტი დაემუქრა ბოლო 150 წლის განმავლობაში.
რესპუბლიკელები ადანაშაულებენ მაიორკასს აშშ-მექსიკის საზღვარიდან ქვეყანაში მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადის შესვლაში და ამბობენ, რომ მან მოვალეობები სათანადოდ ვერ შეასრულა.
რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით პალატამ 214-ით 213-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს, მას შემდეგ რაც გასულ კვირას პირველი მცდელობა ჩაიშალა. ხმები ძირითადად პარტიული ნიშნით გაიყო.
საკითხი ახლა სენატში გადადის, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან. სავარაუდოდ, სენატში საკითხი ჩავარდება.
სამშაბათს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენჭისყრას უწოდა "არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი" და "პოლიტიკური ტრიუკი".
2021 წლიდან 6,3 მილიონზე მეტი მიგრანტი არალეგალურად შევიდა შეერთებულ შტატებში, რამაც იმიგრაცია გამყოფ და პოლიტიკურად სადავო საკითხად აქცია ნოემბრის არჩევნების წინ. ეს საკითხი დონალდ ტრამპის კამპანიის მთავარი აქცენტია ბაიდენის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით.