რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში დაიღუპა.
"თექვსმეტ თებერვალს No3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებული ნავალნი ა.ა. გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, მასთან სასწრაფოდ მივიდნენ სამედიცინო მუშაკები და გამოიძახეს სასწრაფო.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია. მან ასევე თქვა, რომ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური (FSIN) ახლა ახორციელებს ყველა საჭირო შემოწმებას.
"ტელეგრამ არხმა" SOTAvision-მა ალექსეი ნავალნის გუშინდელი, 15 თებერვლის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სასამართლო სხდომას ვიდეოზარით ერთვება. ალექსეი ნავალნი გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კარგ ხასიათზე იყო და ხუმრობდა.
ნავალნის გუნდმა განაცხადა, რომ ადვოკატი მიფრინავს სოფელ ხარპში და როგორც კი რაიმე ინფორმაციას ექნებათ, გაავრცელებენ.
მომხდარს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები:
კაია კალასი: ესტონეთის პრემიერმინისტრი
"ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ ერთი ბნელი შეხსენებაა იმ თაღლითური რეჟიმისა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით - და იმისა, თუ რატომ უნდა მიეცეს რუსეთი და დანაშაულების ჩამდენი ყველა პირი პასუხისგებაში.
ჩემი სამძიმარი [ნავალნის დაღუპვის გამო]. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გისოსებს მიღმაა."
"ალექსეი, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ მათ" - წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი.
"მოდით ნათლად ვთქვათ: ამისთვის პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია" - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე":
„შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას." წერს ბორელი.
რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი წერს:
"პუტინი არის მშიშარა ნაძირალა"- წერს ის.
ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა:
"რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსი, ის უბრალოდ სასტიკად მოკლეს კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც ადამიანმა უნდა იცოდნენ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილ ბუნებაზე. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს".
დიდი ბრტიანეთის პრემიერმინისტრი წერს:
"ეს საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე მგზნებარე დამცველი, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი ცხოვრების განმავლობაში".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს:
"ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან გაიღო უმაღლესი მსხვერპლი. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრებს.
მომხდარს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი:
"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ".
ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ "აშკარაა", რომ ნავალნის გარდაცვალების უკან პუტინი დგას. გერმანიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აინტერესებს ვინ მოკვდება, სანამ მისი პოზიცია სახელმწიფოს სათავეში დაცულია.
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა წერს:
"ალექსეი ნავალნი ციხეში არ მომკვდარა, ის მოკლა კრემლის სისასტიკემ და მისი მიზანია ოპოზიციის გაჩუმება ნებისმიერ ფასად. რუსეთის რეჟიმს უნდა ჰქონდეს შედეგები. პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე".
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აქტიურად ითხოვს დადასტურებას დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
"თუ დადასტურდა, ეს საშინელი ტრაგედიაა".
"ერთი ადამიანის შიში მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სისუსტეს, რომელზეც პუტინმა თავისი სისტემა ააშენა", - ამის შესახებ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუბრობს და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას ეხმაურება.
"ერთი ადამიანის შიში მხოლოდ ხაზს უსვამს იმ სისუსტეს, რომელზეც პუტინმა თავისი სისტემა ააშენა. რუსეთი პასუხისმგებელია ამაზე და ჩვენ გავესაუბრებით ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებულები არიან ალექსეი ნავალნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით", - ამბობს ბლინკენი.
ნავალნის გარდაცვალებას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც გამოეხმაურა. ის პასუხისმგებლობას პუტინს და მის ხელისუფლებას აკისრებს:
ჩვენ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა რუსეთში. ეს, რა თქმა უნდა, არის საშინელი ამბავი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ მის დადასტურებაზე. ვლოცულობ მისი ოჯახისთვის, მათ შორის მისი მეუღლე იულიასათვის, რომელიც დღეს აქ არის, ჩვენთან ერთად. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი პუტინის სისასტიკისა. რა ისტორიაც არ უნდა გვიამბონ მათ, ნათელია, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი და ამაზე მოგვიანებით უფრო მეტ განცხადებას გავაკეთებთ, - ამბობს ჰარისი.
ნავალნის სიკვდილს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც გამოეხმაურა და თქვა: "ყველა ხედავს რუსეთის ნამდვილ სახეს. ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი და ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც ამ რეჟიმის წინააღმდეგი იყო, მოკლეს".
ნავალნის გარდაცვალებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა. მეცოლა აცხადებს, რომ ნავალნის ბრძოლა დემოკრატიისთვის ისევ გრძელდება.
"მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობებს გადასწვდება. უკიდურესად შეშფოთებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის სიკვდილით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება," - ამბობს მეცოლა.
ნავალნის გარდაცვალებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ეხმაურება და წერს, რომ ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი.
"ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ამბით. პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია. საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი.გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ავტოკრატიის წინააღმდეგ დადგომას" - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.
მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი:
"ძალიან კარად ვიცი, თუ რა რეჟიმია ეს. ვინც აკრიტიკებს და დემოკრატიას იცავს, უნდა ეშინოდეს უსაფრთხოების. სწორედ ამიტომ ვართ შოკირებულები. ჩვენი ფიქრები მის მეუღლესთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთანა. უბრალოდ საშინელებაა და იმის მანიშნებელია, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო" - განაცხადა შოლცმა.
მასალა განახლებადია.