ცნობებმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგი შეცვალა. უკლებლივ ყველა მსოფლიო ლიდერი საკუთარ გამოსვლასა და მიმართვას პუტინის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის შესახებ განცხადებებით იწყებს. გერმანიაში იმყოფება ალექსეი ნავალნის მეუღლე, რომელმაც მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს და მის გარემოცვას დააკისრა.
იულია ნავალნაიამ რუსული ბოროტების დასამარცხებლად, ცივილიზებულ სამყაროს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იყო. საერთაშორისო კონფერენციის მთავარი სტუმარი კი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკია; სწორედ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლის ქვეყნის უსაფრთხოებისა და დახმარების საკითხი იქნება, რომლის გარშემო მსოფლიო ლიდერები მომდევნო ორი დღის განმავლობაში დისკუსიას გამართავენ.
"გავაერთიანეთ ძალები ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა დაგვეცვა თავისუფლება და დემოკრატია. მახსენდება, როგორ ვიდექი ამავე სცენაზე ორი წლის წინ, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ბევრ ჩვენგანს ისიც ახსოვს, რომ მაშინ კიევის რამდენიმე დღეში დაცემას ვვარაუდობდით. თუმცა, უკრაინელი ხალხის უნარები და სიმამაცე, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა და 50 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები ჩაუდგა, დაეხმარა უკრაინელებს გაეკეთებინათ ის, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა. დღეს კიევი დგას თავისუფალი და ძლიერი.
შეერთებული შტატების ლიდერობით მსოფლიო გაერთიანდა, რათა დაეცვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპები და შეეჩერებინა იმპერიალისტი ავტორიტარი, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის დამორჩილებას ცდილობს. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პუტინის ომი უკვე არის უკიდურესი მარცხი რუსეთისთვის. უკრაინამ უკვე დაიბრუნა იმ ტერიტორიის ნახევარზე მეტი, რომელიც პუტინმა კონფლიქტის დასაწყისში დაიკავა. ეს დიდწილად ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების წყალობით მოხდა." განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ვოლოდიმირ ზელენსკი კონფერენციაზე სიტყვით ხვალ გამოვა.
გერმანიაში უნებართვო ვიზიტის გამო მას "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ესხმიან და ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი იქ წარმოადგენს საკუთარ თავს და არა საქართველოს.