"მთავარისთვის" ცნობილი ხდება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ტომებში შენახული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების შინაარსი - გამოკითხვის ოქმებიდან კარგად ჩანს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებები პროკურატურის ვერსიას, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამყარებს. გაირკვა, რომ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, რადგან საქართველოდან გაგზავნის თხოვნის წერილში სავარაუდოდ ნათქვამია, რომ ძალოვანები სუიციდის საქმეს იძიებენ, სწორედ ამ მიზეზით დაღუპული გოგონას ოჯახი წერილის გასაჯაროებას ითხოვს.
დაღუპული პროგრამისტის მეგობარმა დეა კაპანაძემ ჩვენება 5-ჯერ შეცვალა. კაპანაძე ჩვენებებში სუიციდის მცდელობებზე საუბრობს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბაჩალიაშვილმა წარსულში ორჯერ სცადა. როგორც ახალგაზრდა პროგრამისტის მეგობარი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა
სკოლის ასაკში ორჯერ სცადა გარდაცვლილის კლასელისგან, ანა ჩაკვეტაძისგან მიიღო.
ამის შემდეგ დეა კაპანაძემ ჩვენება ისევ შეცვალა და თქვა, რომ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ თამარისგან თავად შეიტყო.
ანა ჩაკვეტაძე, რომელიც თამარის კლასელია, ოჯახის ინფორმაციით, დეა კაპანაძის მეზობელია. ჩაკვეტაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ თამარს თვითმკვლელობის ორი მცდელობა სკოლის ასაკში ჰქონდა და ეს კლასელებისთვის გახდა ცნობილი. ანა ჩაკვეტაძისა და დეა კაპანაძის ამ ჩვენებებს კატეგორიულად გამორიცხავს თამარის ორი თანაკლასელი. ისინი ადვოკატმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხა.
ნათელია, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ბევრ უზუსტობასა და გამქრალ მტკიცებულებებთან ერთად, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დევს. სწორედ ეს ფაქტი არწმუნებს ოჯახის ადვოკატს, რომ გამოძიებამ კონკრეტული პირები იპოვა, რომლებსაც კონკრეტული მიზეზით სასურველ ჩვენებებს აწერინებს.
ის რომ პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მხოლოდ ერთი, თვითმკვლელობის ვერსიის გამყარებისკენ მიჰყავს, ოჯახი და ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
პარალელურად, მათთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ზეპირი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად პრეპარატების ზედოზირება სახელდება. დოკუმენტის გადაცემას ადვოკატი ამ დრომდე ელის. საქმის პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ ოჯახს ჩატარებულ ყველა ექსპერტიზის დასკვნაზე სრული ინფორმაცია აქვს, მათ შორის, დნმ-ის ექსპერტიზის შედეგებიც ცნობილია.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს მაგისტრმა მოსამართლემ გამოჰკითხა. გამოძიებას აინტერესებდა, საიდან ჰქონდა ინფორმაცია თეონა თამაზაშვილს რომ მისი შვილი იარაღით ვაჭრობისა და ფულის გათეთრების სქემების გაშიფვრის გამო მოკლეს.
პროკურატურა ხვალ, 4 სექტემბერს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და ექსპეტიზის დასკვნის გასაჯაროებას აპირებს. ოჯახი კი რადიკალური ზომების მიღებით იმუქრება და გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს.