ექსპერტიზის თანახმად, ბაჩალიაშვილი პრეპარატებით გარდაიცვალა - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია.  დასკვნის შედეგებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ცოტა ხნის წინ გაეცნო.

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები, რა დოზებიდან იწყება, მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება, - განაცხადა რამიშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ისიც, რომ მანქანაში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა

ბაჩალიაშვილების ოჯახი იმ წერილის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც FBI-სგან ქართულმა მხარემ მიიღო. ახალგაზრდა პროგრამისტის დედას არ სჯერა იმ ვერსიიის, რომ FBI-მ უარი თქვა გამოძიებაში ჩართვაზე. თეონა თამაზაშვილი ეჭვობს, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს ოფიციალური  უარი საქმეში ჩართვაზე არ არსებობს. 

შეგახსენებთ, აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. ინფორმაცია სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ცნობისთვის, დაღუპული პროგრამისტის ოჯახი FBI-ს ჩართვას საქმეში მას მერე ითხოვდა, რაც მათ ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ, მათ მიერ განხორციელებული დაგვაინებული და არასათანადო საგამოძიებო ქმედებების გამო, ნდობა დაკარგეს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი