FBI-მ უარი განაცხადა ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. ინფორმაცია სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

უარის თქმის მიზეზად, FBI განმარტავს, რომ საქმე მათ კომპეტენციაში არ შედის.

როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია, თუმცა, როგორც აცხადებენ, FBI-ში ამბობენ, რომ ამ საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არაა, - განმარტავს ლომჯარია.

ცნობისთვის, დაღუპული პროგრამისტის ოჯახი FBI-ს ჩართვას საქმეში მას მერე ითხოვდა, რაც მათ ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ, მათ მიერ განხორციელებული დაგვაინებული და არასათანადო საგამოძიებო ქმედებების გამო, ნდობა დაკარგეს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

კომპანია "ZAG"-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.  

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი