გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ არ სურთ NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტი. თუმცა, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.
შოლცი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სიკვდილსაც და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის აქტიურად მუშაობს, საფრთხე ემუქრება.
"რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში ომისთვის და მან შექმნა ახალი ლეტალური შეიარაღება და ახალი სისტემები ყველა დონეზე. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც რუსეთში აქტიურად მუშაობს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, საფრთხე ემუქრება. ეს აჩვენა რუსეთის ციხეში ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ.
რუსეთიდან მომავალი საფრთხე რეალურია. სწორედ ამიტომ ჩვენი თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები უნდა იყოს სანდო. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი NATO-სა და რუსეთს შორის. ამ მიზნით ყველა ქვეყანა, რომელიც ეხმარება უკრაინას, შეთანხმდა, რომ ჩვენ არ გავგზავნით სამხედროებს უკრაინაში. თუმცა, ამასთან ერთად პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის კი აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება NATO-ს ფარგლებში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვისთვის იმდენი, რამდენიც არასდროს გაგვიკეთებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ მომავლისთვის," - თქვა შოლცმა.