კიბერსივრცის უსაფრთხოება სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზეა დამოკიდებული - აშშ-ს საელჩო

გამოქვეყნდა:

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევას, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: "ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში". 

აქვე, აღნიშნულია, რომ საელჩო აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ. მათივე თქმით, COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ კიბერსივრცის უსაფრთხოება სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 სექტემბერს ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა განცორციელდა.
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით, კიბერთავდასხმის მიზანი იყო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში დაცული დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

მოპარული დოკუმენტაციის ნაწილი უკვე ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზეა ატვირთული და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჰაკერების კვალი რუსეთამდე მიდის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი