"აშკარაა, რომ ცხედარი განზრახ გადამალეს" | "მედიაზონამ" მოიპოვა ჩანაწერები თუ როგორ გადაასვენეს ნავალნის ცხედარი მორგში

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ცხედრის გადაცემას მისი ადვოკატი და დედა მე-3 დღეა უშედეგოდ ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ ​"ნოვაია გაზეტას" წყაროს მიხედვით, ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში გუშინ, 18 თებერვალს იპოვეს, ოჯახის წევრებს მისი ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ.

როდის და როგორ გადაასვენეს ნავალნის ცხედარი კოლონიიდან სალეხარდის მორგში? - გამოცემა "მედიაზონამ" შეისწავლა გარე კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს 4 მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც  მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან მორგისკენ გადაადგილდება. გამოცემის ვარაუდით, სწორედ ამ კოლონის ერთ-ერთი მანქანით გადაასვენეს ნავალნის ცხედარი.

კოლონია ხარპში, სადაც ნავალნი იყო და უახლოესი ქალაქი ლაბიტნანგი მდებარეობს მდინარე ობის მარცხენა სანაპიროზე. მარჯვნივ არის სალეხარდი. გამოცემა წერს, რომ თუ არ განვიხილავთ ვერტმფრენს, ყინულის გადაკვეთა ერთადერთი მარშრუტია კოლონიასა და სალეხარდის მორგს შორის.

"მედიაზონამ" შეისწავლა სათვალთვალო კამერები ლაბიტნანგისა და სალეხარდის ერთადერთ სახმელეთო გადასასვლელთან და აღმოაჩინა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის კოლონა, რომელიც ამ მარშრუტზე მოძრაობდა 16-17 თებერვლის ღამეს. მათ, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის ცხედარი გადაჰქონდათ...კოლონა სხვა მანქანებთან შედარებით, შესამჩნევად ნელა მოძრაობდა. საგზაო პოლიციის წამყვანი მანქანა პერიოდულად ანელებდა... შუაღამისას მანქანები მეორე მხარეს გადავიდნენ და სალეხარდისკენ განაგრძეს მოძრაობა", - წერს გამოცემა.

"მედიაზონამ" ვერ იპოვა ქალაქში საჯაროდ ხელმისაწვდომი სათვალთვალო კამერა, რომელიც კოლონის შემდგომ მარშრუტს დააკვირდებოდა.

"მედიაზონას" მიერ აღმოჩენილი ჩანაწერი ადასტურებს, რომ იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა ნავალნის ცხედარი სალეხარდში გადაასვენეს დედამისის, ლუდმილასა და ადვოკატების მოსვლამდე ღამით. ჩვენ არ ვიცით, სად შეიძლებოდა გადაეყვანათ პოლიტიკოსის ცხედარი გადაკვეთის შემდეგ, მაგრამ აშკარაა, რომ იგი განზრახ გადაუმალეს მის ახლობლებს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში16 თებერვალს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.  

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი