საქართველოში, ანტითურქული განცხადებების უკან რუსეთი დგას - ადამ კინზინგერი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობისა და განცხადებების უკან, რუსეთის კვალს ხედავს. კინზინგერმა შესაბამისი განცხადება Twitter-ში გაავრცელა და აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს საქართველოში, მოახლოებულ არჩევნებში ჩარევას. 

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებები, არის მცდელობა, რუსეთმა გადაფაროს ოკუპაცია. კონგრესმენი პარტიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საშიში რიტორიკისგან: 

“ერთი შეხედვით, ეს განცხადება არის სისულელე. თურქეთი არის საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონოდ ოკუპაციის ბრალდება და საკუთარი როლი ეფექტურად შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში.  

მოვუწოდებ ყველა პარტიას, იყვნენ გამჭვირვალე ნებისმიერ უცხოელ ფინანსურ მხარდამჭერთან დაკავშირებით და თავი შეიკავონ წამქეზებელი და საშიში რიტორიკისგან. 

მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და მე ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება“ – წერს კინზინგერი.

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე განთავსებულ ბანერზე, "პატრიოტთა ალიანსმა" აჭარის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა - "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!" - ეწერა ბანერზე

გარდა ამისა, ორგანიზაცია "ცენტრ დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" 4 თვიანი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის ოკუპანტი ქვეყნიდან რვა მილიონს ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი